კი, „არა“ ბრუნდება

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ზაფხულის მოსვლასთან ერთად ლისის საოცრებათა ქვეყანა დიდი ხნის პაუზის შემდეგ 26-27 ივნისს კვლავ უპასპინძლებს მუსიკის და გართობის მოყვარულ ადამიანებს. მართალია, ამ სივრცეს ქართული მუსიკა არასდროს აკლდა, მაგრამ ახლა, ხანგრძლივი მონატრების შემდეგ, ალბათ, სულ სხვანაირად გაჟღერდება ნაცნობი ხმები.

მოგონებებით და ისტორიებით სავსე საყვარელი ადგილის კარი 2 დღის განმავლობაში 13:00-ზე გაიღება და ისეთივე სიყვარულით მიიღებს სტუმრებს, როგორც ყოველთვის. 26 ივნისს კი, დღის ბოლოსთვის, შემონახული „ტკბილი ლუკმა“ ჯგუფი „არა“ იქნება.

ალბათ, ცოტაა საქართველოში ისეთი ადამიანი, ვისაც „არა“ არ მოუსმენია, ან ერთხელ მაინც არ მოუკრავს ყური. ჯგუფის მუსიკა ჟანრების სისტემაში არც ისე მარტივი მოსაქცევია, მაგრამ ფაქტია, რომ სინამდვილე და სილაღე ყოველთვის უცვლელია მათ შემოქმედებაში. 

როგორი სევდიანიც არ უნდა იყოს „არას" სიმღერაში მოყოლილი ამბავი, ის მაინც თავისუფალი და სიმძიმისგან დაცლილია. ალბათ, ზუსტად ყველაფრის სილაღეში ტრანსფორმირება არის ჯგუფის მთავარი ოსტატობა. უარს და წინააღმდეგობებს რომ არ ემალება, სახელიდანაც ჩანს და „არაც“ უბრალოდ იღებს სამყაროს ისეთს, როგორიც არის. ხან ხუმრობს მასზე, ხან ერთობა, აღიარებს ამაოებებს და ღიმილით ხვდება ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება.

ჯგუფის არტისტულობა მათ შავ ფონზე დაწერილ ნაცნობ ფერად სიტყვებშიც იგრძნობა და მითუმეტეს სცენაზე, სადაც კიდევ უფრო მკაფიოდ ხედავ, რომ გულწრფელობაა მთავარი გზა თავისუფლებისკენ. 

დანარჩენს, „არას" ვოკალისტი - ზურა ჯავახია

გვეტყვის:

-       რატომ „არა“?

მოსაწყენია ცხოვრება არა-ს გარეშე. როცა ყველაფერზე „კი“-ს იღებ, ერთი „არა“ საჭიროა ცხოვრებაში. რაღაცა მნიშვნელოვანზე უნდა გქონდეს არა :)

-       რას არა?

„არებს“ არა, „არას“ - კი.

-       ღმერთი სადაურია? არსებობს ამ კითხვაზე შენი პასუხი, თუ რიტორიკულ შეკითხვად რჩება სიმღერაში „ღმერთო“?

ღმერთი, ალბათ, იქაურია, ვინც ამ კითხვას სვავს.

-       როგორ გაჩნდა არა"? როგორია არას" ისტორია მისი გამოჩენიდან დღემდე?

2012 წლის შემოდგომა იყო, როცა რაღაცამ მიბიძგა დამეწერა ქართული სიმღერა, ალბათ, გარემო იყო ეგეთი. ამას მოყვა მეორე, მესამე კომპოზიცია... მაგრამ ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღვიქვამდი (საერთოდ მგონია, რომ ზედმეტი სერიოზულობა ყველაფერი კარგის მტერია). თავიდან გიორგი ჭილაიას ჩავუგდე რამდენიმე სიმღერა და მან გააკეთა მარტივი გრაფიკული ვიდეო შავ ფონზე ფერადი ტექსტით. შემდეგ სადღაც წავიკითხეთ, რომ შავ ფონზე ფერადი სიტყვები უფრო კარგად გამახსოვრებინებს ტექსტს. ოღონდ ეს მანამდე არ ვიცოდით, მსგავს თემებზე არ გვიფიქრია და წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. ყველაფერი სპონტანურად და მარტივად ხდებოდა.

2013-ში დავიწყეთ ლაივები და წლებთან ერთად საკმაოდ ბევრჯერ შევიცვალეთ ჯგუფის წევრები. ახლა ჯგუფში 5 ადამიანი ვართ: გიორგი სიბაშვილი, ლექსო რატიანი, პაპუნა ჟამიერაშვილი, საბა ზაკალაშვილი და მე. არას" არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე მოგვეცა შესაძლებლობა Open Air-ზე დაგვეკრა, ექსპერიმენტები ჩაგვეტარებინა, სანახაობრივი გაგვეხადა ჩვენი შესრულება და რაღაც ახალი გაგვეკეთებინა. ენერგია არც ერთხელ არ დაგვიშურებია იმიტომ, რომ ეს ფესტივალი ერთ-ერთი ნათელი წერტილია ჩვენს ქვეყანაში.

-       როგორია „არას“ სამუშაო პროცესი? როგორ მუშაობთ მუსიკაზე და ტექსტზე?

ჩემთვის მიდგომა ორნაირია: ერთი, როცა სპონტანურად, თითქმის ერთდროულად იქმნება მელოდიაც, ტექსტიც და ერთ დღეში უკვე მზადაა მონახაზი. მეორე, როცა სამუშაო პროცესი უფრო დატვირთული და ხანგრძლივია- შეიძლება ცადო არანჟირების რამდენიმე ვერსია, კითხო მეგობრებს, ბევრჯერ შეცვალო რაღაც...

ძველი „არა“-ს (2017 წლამდე) სიმღერებიდან თითქმის ყველა ჩემი დაწერილ-ჩაწერილი იყო თავის ტექსტიანად. ამ პროცესში ყველაფერი ძალიან იოლად მახსენდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის მუშავდებოდა საწყისი იდეა და კომპოზიცია, თუმცა ძირითადი ამბავი უცვლელი რჩებოდა. რაც იყო, ის იყო.

ალბომი, „რატომ მომიყვანეთ“, რომელიც 2018 წელს ერთად ჩავწერეთ ბიჭებმა, გავაკეთეთ აბსოლუტურად სხვანაირად, მანამდე ეგრე არ გვქონდა ნამუშევარი. ტექსტის და მელოდიების ნაწილები გვქონდა დაშლილი სახით. ავდექით, მოვიკიდეთ ზურგზე აპარატურა და წავედით სიბასთან (გიორგი სიბაშვილი) ახატანში. 3 კვირის განმავლობაში ვიმუშავეთ: ძირითადი ჩანაწერები გავაკეთეთ ადგილზევე, მასტერინგი მივანდეთ ჩვენს მეგობარ ქარჩხას და საბოლოოდ, სიმბოლურად დისკებზეც ჩავწერეთ ალბომი, მიუხედავად ჰარდ კოპის არააქტუალურობისა. ეს უფრო ჯგუფური მუშაობა იყო და კომპოზიციების შექმნის პროცესიც ძალიან განსხვავდებოდა წინა გამოცდილებისგან.

-       რა როლი აქვს მსმენელს „არასთვის“?

ჩვენს კონცერტებზე ადამიანები უბრალოდ არ ერთობიან. მსმენელი მღერის ჩვენს სიმღერებს და ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. მსმენელსა და მუსიკოსს შორის ურთიერთობის კულტურა ეხლა ვითარდება საქართველოში და შესაბამისად ერთად ვსწავლობთ, როგორ გავატაროთ დრო კარგად. ეს კავშირი ძალიან დიდი მოტივაციაა არასთვის.

-       არას სიმღერების ძირითადი ნაწილი ქართულენოვანია. რა განსხვავებაა შენთვის სიმღერაში ინგლისურ და ქართულ ტექსტს შორის?

ზოგადად ტექსტი მუსიკაში აუდიტორიასთან კომუნიკაციას ამარტივებს. ჩვენს სიმღერებს თავიდანვე დავურთეთ ტექსტი და ამან გაგვიადვილა ურთიერთობა მსმენელთან, მითუმეტეს, როცა ლირიკის ენა ქართული იყო. ქარჩხას თქმის არ იყოს, ბოლოსდაბოლოს სიზმრებიც ქართულად გვესიზმრება. სირთულის თვალსაზრისით, ინგლისურიც და ქართულიც თანაბარ შრომას მოითხოვს და ორივეს თავისებური მიდგომა სჭირდება, თუმცა ბოლოს მაინც საკუთარ თავთან გულწრფელობამდე მივდივართ. ეს არის მთავარი გასაღები, რაც კარგ ტექსტს ქმნის.

ეს არის კარი, რომლის იქითაც აუცილებლად უნდა შეიხედო და ნებისმიერი საინტერესო ამბავი ზუსტად ამ კარის გაღებით იწყება. შეიძლება გვიან გააღო, ან არ მოგეწონოს და გამობრუნდე, მაგრამ რაღაც დროს ეს, ალბათ, ყველამ უნდა გამოვცადოთ.

-       ბოლოდროინდელი 3 კომპოზიციის შექმნის ისტორიაც რომ გაგვიზიარო: „ბოლოს მაინც“, „საქართველო“, „inmyhead“, რომელიც 2 დღის წინ გამოქვეყნდა.

„ბოლოს მაინც“ არის იმ ტრეკების სიიდიან, რომელსაც დიდიხანია აკეთებ, ასე ცდი, ისე ცდი, ბოლოს გავა ერთი-ორი წელი და უბრალოდ დადებ... ეს სიმღერა საბა ზაკალაშვილის დაწერილია, არანჟირება გავაკეთეთ ერთად. თუმცა, იმდენი ხანი მოგვიწია მუშაობა, რომ ბოლოს მაინც დაძველდა ჩვენთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნოა რაღაცების გაკეთება „ცინცხალზე“, როცა აღტაცებული ხარ. ამ კომპოზიციის შემთხვევაში ვიდეოს გაკეთების იდეაც გვქონდა, თუმცა იმის გამო, რომ კიდევ არ გაწელილიყო დროში, ეგრევე დავდეთ იუთუბზე როგორიც იყო.

რაც შეეხება „საქართველოს“, აქ ტექსტში საერთოდ არ იყო სიტყვა „საქართველო“ და არც არაფერი ერქვა. არადა, სიბას, ჩემი ჯგუფის წევრს უყვარს სიმღერები, სადაც საქართველო არის ნახსენები. ამიტომ, ტექსტში ჩავსვით „საქართველოში დაგიცდი“ და სახელიც შესაბამისი დავარქვით. კომპოზიციაში მოყოლილი ისტორია ჩვენი ცხოვრებაა, ანუ ამბავი, რომელიც საქართველოში ხდება.

“inmyhead” ჩემი და 4D Monster Lobsters-ის კოლაბორაციის შედეგია. ეს სიმღერა დაახლოებით 1 კვირის წინ დავწერე სპეციალურად 26 ივნისისთვის. მინდოდა, რომ კონცერტამდე გადაგვეღო კლიპი თუ ბიჭები დამთანხმდებოდნენ. ასეც მოხდა, 1 დღეში ყველაფერი მოვახერხეთ და ძალიან კარგი დროც გავატარეთ. Inmyhead ლაივში პირველად შაბათს შესრულდება, ასე რომ, გელოდებით ლისის საოცრებათა ქვეყანაში.

ავტორი: ქეთი რაზმაძე