კულტურა

საქართველოს გამოსახვა ძველ რუკებზე

საქართველოს კარტოგრაფიული ასახვა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდსა და სხვადასხვა კარტოგრაფიულ კულტურაში არასაკმარისადაა შესწავლილი. კავკასიაში ძველ რუკებს ყურადღება ექცევა, ისე როგორც სხვა კონფლიქტურ რეგიონებში, ხშირად მხოლოდ ტენდენციური პოლიტიკური მიზნების გამო, არადა კარტოგრაფია და მისი ისტორია შემეცნებითიცაა და სახალისოც.

კლაუდიუს პტოლემაიოსის (პტოლემე) გეოგრაფიამ (მე-2 საუკუნე) წარუშლელი კვალი დატოვა გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის განვითარებაზე. მის დროს შექმნილი რუკები არაა შემორჩენილი, მაგრამ მისი ნაშრომის ახლიდან აღმოჩენის შემდეგ (მე-13/14 საუკუნეები) უამრავი ატლასი თუ ცალკეული რუკაა პტოლემაიოსის მიხედვით შექმნილი. აქ ერთ-ერთი მდიდრულად გაფორმებული რუკა ნიკოლაუს გერმანუსის მიერ მე-15 საუკუნის 60-70-იან წლებში.

დღემდე შემონახულ შუა საუკუნეების ე. წ. მაპპა მუნდებს (მსოფლიო რუკის გარკვეული ტიპი) შორის ყველაზე დიდი (თითქმის მეტრნახევარი დიამეტრის - ჰერეფორდის ტაძრის (ინგლისი) რუკა, მე-13 საუკუნის ბოლო.

პირველი რუკა, რომელზეც კოლხეთისა და იბერიის ნაცვლად ჩნდება სახელი „საქართველო“ (Georgia) - პიეტრო ვესკონტეს რუკა, 1321 წელი.

ანჯელინო დულსერტის პორტოლანი (საზღვაო რუკა), რომელზეც ხუთჯვრიანი დროშაა პირველად გამოსახული, 1339 წელი. 

ვენეციელი ბერის - ძმა მაუროს მსოფლიო რუკა - იმდროინდელი გეოგრაფიული ცოდნის ენციკლოპედია, 1450 წელი.

ამერიკის კონტინენტის ამერიკად მომნათვლელი მარტინ ვალდზეემიულერის ნაბეჭდი მსოფლიო რუკის ერთ-ერთი ფურცელი - კავკასიითა და საქართველოს მეფის სიმბოლური გამოსახულებით, 1516 წელი.

ცნობილი ფრანგი კარტოგრაფის - გიომ დელილის კავკასიის რუკა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის მოხსენებას ეფუძნება, 1723 წელი.


ავტორი: ლაშა ბაქრაძე