სიახლეები კულტურა

სერიალების შესანიშნავი შვიდეული

სატელევიზიო შოუები, რომელთა ყურებაც თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მარტი 26, 2020


რა შეიძლება ვაკეთოთ სახლში ყოფნისას, მაშინ როცა თავისუფალი დრო გვაქვს? ალბათ, ბევრ სხვა გასართობ საშუალებასთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო, სერიალებია. 


დავფიქრდი და გავიხსენე რისი ყურება მიყვარდა თინეიჯერი რომ ვიყავი, ან რას ვნახავდი, ახლა რომ ვიყო. დღეს, როცა ტელეინდუსტრია ყვავის და თითქმის ყოველდღიურად ახალი სერიალის პრემიერა იმართება, რამდენიმე ისეთი გავიხსენე, რომელთა მიმართაც სიყვარული წლების განმავლობაში არ გამნელებია. 


მაშ, ასე:


„შეშლილები“ არის საუკეთესო სატელევიზიო შოუ, რომელიც ოდესმე მინახავს. სერიალი კი არა კარგი წიგნი, რომელსაც ეკრანზე ვუყურებთ - 1960-1970-იანი წლების ამერიკა, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებსაც ყველაზე თამამი იდეები აწუხებთ და ყველაზე დრამატული თავგადასავლები აქვთ. 7 სეზონის 92-ვე ეპიზოდი ერთნაირად შესანიშნავია და გარდა იმისა, რომ გვაჩვენებს როგორ მუშაობს მარკეტინგი და კომუნიკაცია, დიდ ცხოვრებისეულ ცოდნასაც გვაძლევს. ასეთი სიღრმით ადამიანური ურთიერთობების ჩვენება, მამის და შვილების მაგალითად, ძალიან ბევრ სხვა შოუს უცდია, თუმცა ცოტას გამოსვლია. ჩემთვის სამყაროში სამი სერიალის ნახვის უფლება რომ მოეცათ, პირველი სწორედ „შეშლილები“ იქნებოდა. 





„ექიმი ჰაუსი“ ჩემი თაობის ახალგაზრდებმა ტელევიზორში ნახეს, ჩემთვის, ალბათ ისევე როგორც სხვებისთვის, ყოველდღიური რიტუალი იყო ახალი სერიის მოლოდინიც, ყურებაც და მერე იმ დაავადებებზე ფიქრიც, რომელსაც ექიმი გრეგორი ჰაუსი 8 სეზონის განმავლობაში ყოველდღიურად ებრძოდა. 


ექიმი ჰაუსი ყველაზე უცნაური, უხასიათო და მიმზიდველი გენიოსია, რომელიც სამედიცინო სამყაროში სერიალების მეშვეობით შეიძლება გაიცნოთ და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიაში სრულიად თავდაჯერებულია, ადამიანურ ურთიერთობებში ძალიან ბევრი სირთულე აქვს, რომელსაც საქმისგან განსხვავებით ძნელად ლახავს. ამ პერსონაჟის შესაყვარებლად დიდი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ მისი გადაყვარება შეუძლებელია.





ენთუზიასტი შემოქმედებითი ჯგუფი ბროდვეის სცენისთვის მერლინ მონროს შესახებ სპექტაკლს ამზადებს, მთავარი რასაკვირველია, ის არის, ვის შეხვდება მერლინის სანუკვარი როლი, რომლის მიღებასაც საუკეთესოდ სიმღერის და ცეკვის გარდა, დიდი მოთმინება და გამძლეობა სჭირდება. პერსონაჟების დიდი ნაწილი მერლინივით ლეგენდად ქცევას ცდილობს, თუმცა მუდმივად უწევს ამ წარმატებისთვის საფასურის გადახდა.

 



ბრიტანულ-ამერიკული სერიალი, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერიც სტივენ დოლდრია (მისი რეჟისორობით გადაღებულია ისეთი ფილმები, როგორიცაა საათები, ბილი ელიოტი და სხვ.) ელიზაბეთ II-ს მონარქად კურთხევის დროიდან იწყება და ქრონოლოგიურად თანამედროვე დრომდე მოდის. როგორც მასმედიაში წერენ, ამ სერიალს სამეფო ოჯახშიც დიდი ინტერესით უყურებენ და იქნებ, სწორედ ამიტომ სერიალის მხოლოდ 5 სეზონს ვიხილავთ. წელს მეოთხე სეზონი უნდა გამოვიდეს, რომელშიც პირველად გამოჩნდება პრინცესა დიანა. ისტორიული ფაქტების ზუსტად თხრობის წყალობით, უინძორების დინასტიაზე ძალიან ბევრ ისეთ ამბავს გაიგებთ, რომელიც აქამდე არ გსმენიათ და რაც მთავარია, მთელი სიცხადით დაინახავთ რომ პრინცობა ან პრინცესობა XXI საუკუნეში პრივილეგიასთან ერთად, დიდი თავისტკივილია. 




GIRLS



გოგონები ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია, რომელიც ახალგაზრდებზე გადაუღიათ. 4 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული 20 წლის ნიუ-იორკელი გოგონას ამბავი, რომლებიც ცდილობენ გაიგონ ზოგადად რა არის სწორი და რა არა, როგორ ეწყობა ურთიერთობები ერთმანეთთან, სხვა ადამიანებთან, სამსახურებში. ეს გოგონები ეძებენ თავგადასავლებს და ამ გზაზე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, მერე გამოსწორებას ცდილობენ და მერე ისევ თავიდან. ამ სატელევიზიო შოუში პირველად ვნახე ადამ დრაივერი, რომელიც ახლა ძალიან ცნობილი მსახიობია და ხან ჯიმ ჯარმუშის ფილმში ჩნდება და ხან მარტინ სკორსეზეს, მაშინ კი სამყაროსთვის უცნობი ამერიკის საზღვაო შეიარაღებული ძალების ყოფილი ჯარისკაცი იყო. 


იხილეთ: სამწუხაროდ, Girls ქართულ საიტებზე არ იძებნება, ამ შემთხვევაში Netflix-ს ან სხვა ალტერნატივას უნდა მიმართოთ.




საინფორმაციო სამსახური




თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობს, უფრო სწორად უნდა მუშაობდეს კარგი მედია, ამერიკული პოლიტიკური დრამა „საინფორმაციო სამსახური“ ძალიან მოგეწონებათ.


გადაცემა News Night-ის გუნდი, რომელიც გამოგონილ ტელეარხ ACN-ის ღამის გამოშვებას ამზადებს, კარგად გვაჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა ჟურნალისტობა და რომ პირველობა კი არ არის მთავარი, არამედ გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება და ამაზე წინ არცერთი წესი არ დგას. შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლს (მათ შორის: ჯეფ დენიელსი, ჯონ გალაჰერი და ემილი მორტიმერი) და აარონ სორკინის ძალიან დინამიურ სცენარს თუ გავითვალისწინებთ, ამ შოუს 25 ეპიზოდი თითქმის შეუსვენებლად უნდა ნახოთ. 


სამწუხაროდ, აღარც ეს სერიალი დევს ქართულ საიტებზე, მაგრამ მისი მოპოვება ალტერნატიული გზებით შეიძლება.



თუ დიზაინით ხართ გატაცებული, ან უბრალოდ გაინტერესებთ, რატომ გამოიყურება საგნები ისე, როგორც გამოიყურება და რომ ეს სრულებით არ ხდება შეთხვევით, ეს თქვენთვის ზედგამოჭრილი შემეცნებითი სერიალია. რვა ეპიზოდის განმავლობაში თქვენ გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ როგორც პროდუქტის დიზაინზე, ისე ინტერიერის, გაიგებთ ვინ და როგორ შექმნა მაგალითად, ინსტაგრამის უკანასკნელი ლოგო და მსოფლიოში აღიარებული Nike Air Jordan.


წერის დასასრულს vulture.com-ზე Netflix-ის ამჟამინდელ 100 საუკეთესო სერიალის ჩარტს გადავხედე და გამეხარდა რომ მასში ის სერიალებიც ვიპოვე, რომელიც ზემოთ გირჩიეთ, რა თქმა უნდა, კიდევ ათასობით არაჩვეულებრივი სერიალი სამყაროში, რომელიც უკვე ნანახი გექნებათ, რომელ მათგანს ურჩევდით თანატოლებს?

ავტორი: მაშო სამადაშვილი