კულტურა ლიტერატურა

ოთარ ჭილაძე, 1933-2009

saba.com.ge

მარტი 21, 2019

ცა მიწიდან იწყება, ღმერთი -ადამიანიდან, უკვდავება - სიკვდილიდან, დიდი ლიტერატურა - ყოველდღიური, თუნდაც ყოფითი ჩანაწერებიდან....

ოთარ ჭილაძე შვილებთან ერთად 

გაინტერესებთ, რას ფიქრობდა დიდი მწერალი სხვადასხვა მოვლენებსა თუ ფაქტებზე? როგორ ცხოვრობდა, რა ხდებოდა მის ყოველდღიურ ყოფაში? როგორ აირეკლა სინამდვილე მის ნაწერებში, როგორ იკვეთებოდა თქვენთვის საყვარელი წიგნების კონტურები?



ოთარ ჭილაძის ჩანაწერების წიგნი "ცა მიწიდან იწყება" საშუალებას გაძლევთ თვალი მიადევნოთ მწერლის ცხოვრებას, მის აზრებს, დამოკიდებულებას, იმედგაცრუებებს, მსოფლმხედველობას და სულ სხვა კუთხიდან გაიცნოთ გზაზე რომ ერთი კაცი მიდიოდა, ბედნიერი ტანჯული და ადამიანი გაზეთის სვეტში, თიხის ფირფიტებზე თუ გულის მეორე მხარეზე ამოკითხული დიდი მწერალი - ოთარ ჭილაძე....



ოთარ ჭილაძე და თამაზ ჭილაძე



.“როგორ შეიძლება პოეზია მოკვდეს. პოეზია იცოცხლებს, სანამ ადამიანი იქნება.

ხალხს გული აუცრუვდა არა პოეზიაზე, არამედ ლექსად დაწერილ ინფორმაციებზე.

ლექსი, რომელიც დაიწერა დღეს, არაფრით არ შეიძლებოდა დაწერილიყო გუშინ.

აუცილებელია თუ არა ყველას ესმოდეს პოეზია?

რა თქმა უნდა, არა, როგორც მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება”

“ჩვენ ისე პატარები ვართ, ღმერთს მიკროსკოპითაც გაუჭირდება ჩვენი დანახვა, ამიტომ ვავიწყდებით ასე ხშირად.”

ოთარ ჭილაძე და ლია სტურუა

წყარო: ბურუსი

“წერის პროცესი: თითქოს ღამით, უცხო ბაღში გადაპარული, ფაციფუცით – არ მომისწრონო – კი არ ჰკრეფ, ძირფესვიანად გლეჯ ყვავილებს შენი გულის სწორისთვის, მაგრამ ბაღიდან გამოსული, სინანულით ამჩნევ, რომ სიბნელესა და სიჩქარეში ბევრი გაუშლელი ან უკვე გადამწვარი ყვავილი მოგიგლეჯია და იმუზარმაზარი თაიგულიდან, რომელიც ასე გეამაყებოდა და გიხაროდა, შეიძლება, ერთი-ორი ღერიღა ვარგოდეს გამოსაჩენად, მით უფრო მისართმევად, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ დაღამებისთანავე ისევ არ გადაიპარები ბაღში, ისევ იმ იმედით – ამჯერად მაინც გამიმართლებსო.”


“როგორი იქნებოდა ადამიანი, კაენს რომ არ მოეკლა აბელი; ელექტრასა და ორესტეს – დედა; თვალები არ დაეთხარა ოიდიპოსს; პენელოპე არ დალოდებოდა ქმარს; მედეას არ ეღალატა მამისთვის; ჯულიეტას არ დაელია საწამლავი; ოტელოს არ დაეხრჩო დეზდემონა; არ დაეხოცათ საკუთარი შვილები მატეო ფალკონესა და ხევისბერ გოჩას; არ მოეკლა თავი ემმა ბოვარსა და ანნა კარენინას; არ აჯანყებულიყო სპარტაკი; არ გაეყიდათ ბიძია თომა; დარტანიანი არ ჩამოსულიყო პარიზში; მეგობრებს არ გაეწირათ ედმუნდ დანტესი; არ დაბადებულიყო კოპერფილდი; ჯაყოს ვერ გაეუპატიურებინა თეიმურაზის მეუღლე და ასე შემდეგ... რაკი ამის დადგენა ყოვლად შეუძლებელია, რაკი მოსახდენი უკვე მოხდა და „გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება“ – იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადამიანი მაინც ისეთი იქნებოდა, როგორიც დღესაა, ოღონდ, არ ეცოდინებოდა, რატომ არის ადამიანი.”

მაგრამ რაც შენ დასასრული გგონია,


შეიძლება დასაწყისი აღმოჩნდეს!


ყველა ვარსკვლავი, შეიძლება, პოლარულ ვარსკვლავად იქცეს, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ და არა ვინმეს ნება-სურვილით. გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენც შეიძლება განვთავისუფლდეთ, ანუ, დავიბრუნოთ პირვანდელი სახე, თუკი, რასაკვირველია, ამ ხნის განმავლობაში, ბეჯითად ვისწავლით. დროის გასაყვანად კი არ გადავშლით წიგნს (დრო ისედაც გავა), არამედ – იქიდან (წიგნიდან) ცოდნის ამოსაღებად, როგორც ღვინო ამოაქვთ ქვევრიდან, თაფლი – სკიდან, ბადე – ზღვიდან, მადანი – მიწიდან, ტყვია – ჭრილობიდან, წყალი – ჭიდან, პური – თონიდან..”


“დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მოახდენს შენზე ბავშობაში წარუშლელ შთაბეჭდილებას, რა დაგამახსოვრდება სამუდამოდ... შთაბეჭდილება, თუ შეიძლება ასეითქვას, ინტელექტუალური განტელის მაგივრობას უწევს ბავშვს, ფიზიკურად კი არ აძლიერებს, რაც ბავშვისთვის უკეთესი იქნებოდა – არამედ, ნაადრევად ამწიფებს გონებრივად და სასურველზე მეტად უმძაფრებს მგრძნობელობას... “


ადამიანი შთაბეჭდილებების ჯამია. გააჩნია, ვინ ურევს ხელს იმ „ჯამში“, ღმერთი თუ ეშმაკი.

20 მარტს ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა! 


ავტორი: saba.com.ge