მუსიკა | ცა

5 მიზეზი, რის გამოც 4GB-ზე უნდა წახვიდე

მაისი 16, 2019

17 მაისს 4GB ბრუნდება. ფესტივალი, რომელიც ადგილმდებარეობას წლების მანძილზე იცვლიდა, უკვე მესამე წელია საგურამოში, კერძოდ კი კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში დაფუძნდა და ერთი შეხედვით უცნაური ლოკაცია ნამდვილ საფესტივალო სივრცედ აქცია.

წლევანდელი ღონისძიების ორივე ნაწილი (17/18 და 24/25 მაისი) საინტერესო აქტივობებით არის დატვირთული და ისედაც საკმარის მიზეზს გვაძლევს, რომ მომავალ ვიქენდზე საგურამოს აუცილებლად ვესტუმროთ, თუმცა ჩვენ კიდევ რამდენიმე მიზეზს შეგახსენებთ.

4GB presents Tresor

ას შემდეგ, რაც შარშან საგურამოში Berlin Atonal-ის ღონისძიება გაიმართა, წესით, ფესტივალის არაფერი უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ლაინ აპში Tresor-ის კონცეპტუალური საღამოს გამართვა მაინც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.


ბერლინის საცეკვაო მუსიკის სცენის და ზოგადად ტექნო კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პლატფორმის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში Kancheli და Ndrx-ის B2B სეტის მოსმენაც შეგვეძლება.


მათ გარდა ლაინ აპში Claudia Anderson, LvvvO (Live), DJ Bone, Sleeparchive (Live) და Peter van Hoesen-ს ვხვდებით. ამ არტისტული შემადგენლობიდან რომელიმე დიჯეის გამოყოფა უსამართლო იქნებოდა, რადგან თითოეული მათგანი საკმაოდ თვითმყოფადია. ასე რომ, თუკი 18 მაისს ფესტივალზე ყოფნას აპირებთ, სჯობს მთავარ სცენაზე მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ და თვალებიც არ დაახამხამოთ.

Vodkast Showcase

თუკი 4GB-ზე ვინმეს კონცეპტუალური ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება აქვს, ეს პირველ რიგში არის Vodkast, რომლის ჩართულობის გარეშეც ეს ფესტივალი წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ ვოდკასტის შოუქეისის ფარგლებში წელს ფესტივალის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკალური გამოცდილების ავტორი Hunee ბრუნდება.


არანაკლებ შთამბეჭდავია სხვა არტისტების ჩამონათვალიც: Lovefingers, Danielle Baldelli, 3rd Soul, Ericsson და განსაკუთრებით კი DJ Normal 4 და Bufiman. ამას დაუმატეთ Vodkast-ის დამფუძნებლები Vakho და Zurkin და უკვე ზუსტად იცით, 18 მაისს Outdoor Stage რას უნდა ელოდოთ.

 

ქართველი არტისტების ლაივ აქტები

ფესტივალის მუსიკალურ შემადგენლობას კარგად თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ლაივ შესრულებით უჩვეულოდ ბევრი ქართველი არტისტი არის წარმოდგენილი, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერის, დიმა დადიანის ხილვაც.


ფესტივალზე ასევე ბრუნდება ირაკლი შონიას და სანდრო კოზმანიშვილის პროექტი V.C.V.S. მათ გარდა მსმენელს საშუალება ექნება თანამედროვე ქართული სცენის გამორჩეულ არტისტებს – HVL, Sevda, Toke, Hamatsuki, Spacejam 92, Cobert და Generali Minerali-ს ლაივებს მოუსმინოს. ამ ფორმატში მათ მეტი შესაძლებლობა ეძლევათ აუდიტორიას საკუთარი შემოქმედება გაუზიარონ, რაც სცენის განვითარებისთვის ძალიან საჭირო ინიციატივაა.

Larry Heard

ჩიკაგოელი ლეგენდა ცალკე გამორჩევას ნამდვილად იმსახურებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სივრცე დისკოს დანაკლისით გაჩენილ ვაკუუმს ებრძოდა, ლარი ჰერდი სრულიად უნიკალურ ჟღერადობას ქმნიდა.

ის, რასაც დღეს „დიფ ჰაუსს“ ეძახიან, ამ მუსიკის ფესვებიდან ხშირად ძალიან შორს არის, მაგრამ თავის დროზე დიფ ჰაუსი სწორედ ლარი ჰერდით დაიწყო. იქნებოდა ეს სოლო პროექტები თუ სახელგანთქმული Finger Inc., ამერიკელი არტისტი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო და ელექტრონული სამყაროში თავის გზას კვალავდა – გზას, რომელსაც შემდეგ ჰაუს მუსიკის მთელი თაობა გაჰყვა და დღემდე მოვიდა.

Michael Mayer

უკვე საუბრის თემაც აღარ არის ის, რომ Michael Mayer-ის ფესტივალის თილისმაა. მის მნიშვნელობას ამ ფესტივალზე ალბათ ვერასდროს ვერავინ დაჩრდილავს და ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ არის, რასაც დიდი ხანია შევეგუეთ.


ის თავისი მარათონული სეტებით 4GB-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ფურცლებს წერს და ფესტივალის ლაინ აპში მისი უბრალოდ ყოფნაც კი უდიდეს სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს.

Michael Mayer ყველაზე გამოკვეთილი ფაქტორია, რომელიც ყოველწლიურად გვახსენებს, თუ როგორ და ვის გამო დაიწყო ეს ფესტივალი. ის გიო ბაქანიძის საყვარელი დიჯეია და ამით ყველაფერი ნათქვამია.