კულტურა

მაისის გამოფენების გიდი

თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებულ დამთვალიერებელს მაისის შუა რიცხვებში დედაქალაქი ბევრ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობს

17 მაისს თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში უკვე მეორედ გაიხსნა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – თბილისის ხელოვნების ბაზრობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე გალერეასა და 35-მდე დამოუკიდებელ ხელოვანს მასპინძლობს.

თუმცა, გარდა ხელოვნების ბაზრობისა, დამთვალიერებელი შეძლებს 19 მაისის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას პავილიონების მრავალფეროვანი ღონისძიებების პარალელურად – სხვა დამოუკიდებელ საგამოფენო სივრცეებსაც ესტუმროს.

დავით კაკაბაძე 130


8 მაისიდან TBC გალერეაში მხატვარ დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი გამოფენა და რამდენიმეეტაპიანი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომელიც დავით კაკაბაძის ფონდის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერების, ესკიზების და ჩანახატების არქივს მოიცავს. დამთვალიერებელს მხატვრის უნიკალური არქივის და ამ არქივზე დაყრდნობით წარმოდგენილი მულტიმედია პროექტის გაცნობის საშუალება 20 ივნისის ჩათვლით ეძლევა.

გურამ წიბახაშვილი „ზამთარი გადატანილია“


მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს 24 აპრილს Barnovi House of Arts-ში გახსნილი გურამ წიბახაშვილის გამოფენა, საშუალება აქვს გალერეას 31 მაისის ჩათვლით ესტუმროს და შემოქმედის უნიკალურ ფოტოარქივს გაეცნოს. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები 1990-იანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო და გარდამტეხ მომენტებს ასახავს. 250-მდე ნამუშევარი ამავდროულად წარმოდგენილია წიგნის სახით, რომელიც გარდა გურამ წიბახაშვილის ფოტოებისა, ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებსაც აერთიანებს.

 

თეა გვეტაძე – Subtropical Ushguli


15 მაისს გალერეა ელ-ცე კვაისარში TBC სტატუსის მხარდაჭერით თეა გვეტაძის სოლოგამოფენა იხსნება. ხელოვანი, რომლის მხატვრობაც მდიდარია სიმბოლოებით, ამჯერად Subtropical Ushguli-ის სახელწოდებით გაერთიანებულ ნამუშევრებს გვთავაზობს.  “აქაური ნიშნები სპეციფიკურია, არ არის ადვილი წასაკითხი. მიუხედავად იმისა, რომ უანგაროდ, უხვად და გულღიად არის მაყურებლის წინ გაშლილი – როგორც სუფრა, ან ხელები – ის მაინც არ არის ღია და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჯერ ცოტა მაინც უნდა ისწავლო ეს ენა, იმისთვის რომ წაიკითხო მისი ნიშნები. ამიტომაც არის ეს ღიაობა ასეთი მისტიკური, ერთი შეხედვით ჩაკეტილი და მოითხოვს დროის დათმობას. ეს დაპატიჟებაა წმინდა სუფრაზე საიდუმლოს გასაზიარებლად“, – წერს კურატორი ელენე აბაშიძე გამოფენის შესახებ.

 

სალომე მაჩაიძე – „ვანკუვერული ვენდეტა“


17 მაისიდან გალერეა Window Project ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანის სალომე მაჩაიძის გამოფენას მასპინძლობს. „ვანკუვერული ვენდეტა“– ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელშიც ხელოვანი და რეჟისორი, სხვადასხვა ყოფით საკითხს ერთმანეთისგან განსხვავებული მედიუმითა და სტრუქტურით იკვლევს. პირადი ცხოვრება, ისტორიული არქივი, სიყვარული, ეკოლოგიაში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც ადამიანის, როგორც მომხმარებლური საზოგადოების წევრის მიერაა გამოწვეული, სალომე მაჩაიძის გამოფენის ძირითადი საკითხებია. ეს ყოველივე კი ერთმანეთს იდეურად საერთო თემის – მატერიალურობის და მასში ადამიანის როლის ირგვლივ ერთიანდება. ხელოვანი ნამუშევრებში ერთჯერადი მოხმარების იაფფასიან საგნებს იყენებს და მათი საშუალებით დამთვალიერებლს ყურადღებას „მომხმარებლური“ საზოგადოების მანკიერ თვისებებზე ამახვილებინებს.

 

OXYGEN_Tbilisi No Fair


16 მაისიდან Propaganda Network მომდევნო ათი დღის განმავლობაში სასტუმრო “სტამბაში” გამოფენა OXYGEN_Tbilisi No Fair-ს მართავს. სასტუმროს სამ სართულზე 40-მდე თანამედროვე არტისტის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, დამთვალიერებელს გარდა გამოფენების ნახვისა, მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში საშუალება ექნება ღია დისკუსიებს, შეხვედრებსა და მუსიკალურ სესიებსაც დაესწროს.

 

Project Art Beat – Body Experience… is the Center of Creation


14 აპრილს TBC status-ის მხარდაჭერით გალერეა Project Art Beat-ში გამოფენა Body experience… is the center of creationგაიხსნა. ლია ბაგრატიონი, ჯესი დარლინგი, სალომე დუმბაძე, ქეთი კაპანაძე, კატარინა პრზეზვანსკა, თეა ჯორჯაძე, თამარ ჩადუნელი, ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა), გვანცა ჯიშკარიანი, ნინო საკანდელიძე და ჰოლი ჰენდრი ის არტისტები არიან, რომლებიც სკულპტურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მედიუმის პოტენციალს სხვადასხვა კონცეფციით და მასალით იკვლევენ.

“ძირითადი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ მეჩვენებინა, თუ როგორი მრავალფეროვანია სკულპტურა როგორც მასალის, ასევე სათქმელის თვალსაზრისითაც. ფორმის თვალსაზრისით ის ინსტრუმენტია ხელოვანისთვის, რომელსაც საშუალებას აძლევს თავისი შინაგანი სამყარო საინტერესოდ და მრავალმხრივ დაგვანახვოს და ჩვენც განსხვავებული კუთხით აღგვაქმევინოს გარშემო არსებული გარემო.” – ამბობს Project Art beat-ის თანადამფუძნებელი სალომე ვახანია გამოფენის შესახებ.

ჯგუფური ექსპოზიციის ხილვა დამთვალიერებელს 25 მაისის ჩათვლით პ.ინგოროყვას 14 ნომერში შეეძლება.

Tabula Rasa – გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი: 20 წელი საქართველოში


საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის გამოფენას დაესწროს. ხელოვანი და დიპლომატი, რომელიც საქართველოში უკვე 20 წელია მოღვაწეობს, დამთვალიერებელს სხვადასხვა დროს შექმნილი შვიდი აბსტრაქტული ქანდაკების ნიმუშს სთავაზობს, რომლებიც ხელოვანის საქართველოში ცხოვრების პერიოდს ასახავს. გამოფენაზე გარდა გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ნამუშევრებისა, წარმოდგენილია VA[A]DS-ის (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა) ოთხი სტუდენტის – გიორგი გელაძის, გიორგი ვარდიაშვილის, სალომე ჩიგილაშვილისა და ლიზა ცინდელიანის ნამუშევრებიც.

Jeff Cowen – 30 works


17 მაისს თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა (MOMA) და Michael Werner Gallery-ის თანამშრომლობით,  ამერიკელი არტისტის, ჯეფ ქოუენის სოლო შოუ გაიმართება. გამოფენას სახელწოდებით 30 Works თავად ხელოვანი და კურატორი ერიკ შლოსერიც დაესწრებიან.

 

ROOMS – Blind Alley Rooms Design


გამოფენა Oxygen_Tbilisi No Fair–ის ფარგლებში პირველ გამოფენას წარმოგვიდგენს. როგორც გამოფენის პრესრელიზიდან ვიგებთ, სათაური Blind Alley გალერეის ადგილმდებარეობასა და თავად ექსპოზიციის აღმნიშვნელია. გამოფენაზე წარმოდგენილი სხვადასხვა მასალით შექმნილი ობექტები სიძველის გაცოცხლების, DNM-ის „ვიზუალური მეხსიერების“ პროცესით თავდაპირველ საწყისეთან დაბრუნების და მასში თამაშისა და მონუმენტურობის იდეას იკვლევს. კოლექცია 17 ობიექტს მოიცავს, რომლებიც ავტორებმა სხვადასხვა მასალით ძველი ქართული მუხით, თიხით, შავი ლითონით, მინით, ტექსტილით, ეპოქსიდით და ეკლარის ქვით შექმენს. დამთვალიერებელს ექსპოზიციის ხილვა 18 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით დ. თორაძის ჩიხი #3– ში შეეძლება.

ანდრო ვეკუა – „ყველაფერი გამართლებულია სიზმრებსა და ომში“


„ყველაფერი გამართლებულია სიზმრებსა და ომში“- ასე ჰქვია ხელოვან ანდრო ვეკუას გამოფენას, რომელსაც Propaganda Network 19 მაისიდან წარმოგვიდგენს. გამოფენაზე დამთვალიერებელი ხელოვანის 5:05 – წუთიან ვიდეო პროექციას იხილავს. „ერთი შეხედვით – „ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“– ილუზორული, მელანქოლიური სურათია. თუმცა, ფილმის ნამდვილი არსი მის სიმეტრიაში იმალება: იმაში, თუ როგორ ჯგუფდება “მდე” და “შემდეგ” “ახლას” გარშემო, როგორ ქმნის წარსულის და მომავლის შეხვედრა სივრცეს სახელად აწმყო, რომელიც, პალმის ხესავით, ყოველთვის იწვის. ამ ყველაფრის გადმოცემას “ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს” სულ რაღაც ხუთ წუთში ახერხებს”. – ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები. ანდრო ვეკუას ვიდეო პროექციის ხილვა ნებისმიერ მსურველს ძმები კაკაბაძეების # 2–ში მდებარე კინოს სახლის ლურჯ დარბაზში შეუძლია.

Maudi – სივრცის კოლექტიური წარმოება


სულ ახლახან ჩამოყალიბებულ საგამოფენო სივრცე – Maudi-ის ორგანიზებით 17 მაისიდან გამოფენა „სივრცის კოლექტიური წარმოება“ იხსნება. სერგო კაზარიანი, ბუბუ მოსიაშვილი, ეკა ენუქიძე, ელენე შელია, გიორგი თარგამაძე, გიორგი ვარდიაშვილი, კახი ფაჩოშვილი, კოტე გაფრინდაშვილი, ლევან ჭილაშვილი, კონსტანტინე ვაჩეიშვილი, მარიამ ძიმისტარიშვილი, ნინი ჩუთლაშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, ნატა ვასაძე, ნუცა გაგნიძე, ქეთი ქუთათელაძე, თამარ სამხარაძე და ტანიტ ივანიშვილი ის ხელოვანები არიან, რომლებიც უკვე ერთი თვეა რაც არქიტექტურულ, სკულპტურულ და სოციალურ ელემენტებზე დაკვირვებით სივრცის განვითარებად პროცესს იკვლევენ. ისინი პროფესიონალ ხელოსნებთან თანამშრომლობით აშენებდნენ სტრუქტურებს, რომლებსაც ამავდროულად ფუნქციური მნიშვნელობაც ენიჭებოდა. ლიზა ჟვანიას, დიმიტრი ერისთავის და ლადო შონიას ორგანიზებული ჯგუფური გამოფენის ხილვა დამთვალიერებელს 31 მაისის ჩათვლით თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში შეეძლება.

Elene Abashidze Project Space – Safe Words


გალერეა Space-ში დამთვალიერებელს საშუალება აქვს გამოფენა –Safe Words იხილოს. ექსპოზიცია, რომლის სახელიც ქრისტინ ბრანჩის ლექსის სათაურიდანაა, ორი ხელოვანის ლონდონში მოღვაეწე პენი გორინგის და ქრისტინ ბრაჩისა ნამუშევრებს აერთიანებს. ენისა და პოეზიის გამოყენება ორივე ხელოვანის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. მიუხედავად განსხვავებებისა, არტისტების მიერ ნამუშევრებში გადატანილი პერსონალური ნარატივი საერთო კონცეფციის ირგვლივ ერთიანდება, რომელიც მიზნად პოეზიის ეფემერული მხარის ძიებას ისახავს. გალერეა Space, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს კურატორ ელენე აბაშიძის პროექტია, რომელიც გარდა გამოფენებისა ღია შეხვედრებს და სამკითხველო სესიებსაც მასპინძლობს.

Hotel Europa: Their Past, Your Present, Our Future / სასტუმრო ევროპა: მათი წარსული, თქვენი აწმყო, ჩვენი მომავალი


„ღია სივრცე“ თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში 17 მაისს გამოფენას – „სასტუმრო ევროპა: მათი წარსული, თქვენი აწმყო, ჩვენი მომავალი“ მასპინძლობს, რომელიც საერთო კონცეფციის გარშემო გაერთიანებული ქართველი და უცხოელი არტისტების ნამუშევრებს მოიცავს. დამთვალიერებელს გამოფენაზე დასწრების საშუალება 31 მაისის ჩათვლით ეძლევა.

ავტორი: Hammock / გვანცა ჩანადირი


https://hammock.at.ge/guide-of-art-week/