მუსიკა | ცა

4G 2019 / 17-18 მაისის შეჯამება

4GB 2019-ის პირველი შაბათ-კვირა რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა. წელსაც, ისევე როგორც შარშან, ფესტივალი ორ ნაწილად არის გაყოფილი.

17 მაისს მისი პირველი ნახევარი დაიწყო, რომელიც თითქმის 48 საათს გაგრძელდა. ეს პერიოდი მრავალფეროვანი და საინტერესო მუსიკალური თავგადასავლებით იყო დატვირთული, რის შეჯამებასაც ქვემოთ შევეცდები.

ფესტივალი საკმაოდ დიდი მოლოდინებით გაიხსნა, რადგან პირველ ღამეს არც მეტი, არც ნაკლები ლარი ჰერდი — ჰაუს მუსიკის ლეგენდა ცოცხალი შესრულებით უნდა წარმსდგარიყო. ლაივზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მისი მნიშვნელობის გასააზრებლად იმის წარმოდგენაც კმარა, რომ რითმები, რომლებსაც თითქმის ყველა საფესტივალო სცენასა თუ კლუბში ვისმენთ, სწორედ ლარი ჰერდის მოგონილი და შექმნილია, ამ მელოდიების პირველწყაროდან მოსმენა კი მართლაც შთამბეჭდავი იყო.

ერთი საათის განმალვლობაში Mr. Fingers-ის ბევრი კლასიკაც მოვისმინეთ, როგორიცაა Closer, Deja Vu, The Sun Can’t Compare და ა.შ., რაც საკმაოდ ამაღელვებელი და ემოციური გამოცდილება გამოდგა საცეკვაო მოედანზე შეკრებილთათვის.

ლარი ჰერდამდე დიდ სცენაზე 4GB-ის ვეტერანი Nika J, შემდეგ კი Seth Troxler უკრავდნენ. ბევრისთვის ალბათ მოულოდნელი იყო, რომ ნებისმიერი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი, სეთ ტროქსლერი საკმაოდ „არაჰედლაინურ“ პერიოდში უკრავდა.

12 საათზე, როდესაც ის დიჯეი აპარატურასთან მივიდა, საღამო სულ ახალი დაწყებული იყო და ხალხიც ნელ-ნელა იწყებდა მოსვლას, შესაბამისად, ორმაგად საინტერესო იყო, რამდენად გაითვალისწინებდა ტროქსლერი ამას და იქნებოდა თუ არა მისი მუსიკა დროსთან ადეკვატური. შეიძლება ითქვას, რომ ტროქსლერმა ამ ამოცანას თავი იდეალურად გაართვა — სწორედ აქ გამოჩნდა, თუ როგორი გამოცდილი დიჯეია ის. ვინ, თუ არა დეტროიტელი სეთ ტროქსლერი კარგად აფასებს ჩიკაგოელი ლარი ჰერდის მნიშვნელობას, რაც ასევე იგრძნობოდა მის სეტში, თუმცა ეს საკუთარ ჟღერადობასთან კომპრომისის ხარჯზე არ მომხდარა.


ტროქსლერის სეტს ნელი, აუჩქარებელი განვითარება ჰქონდა, ბოლო საათნახევრის განმავლობაში კი მთავარი სცენა უკვე სულ სავსე იყო მოცეკვავე ადამიანებით.

ჩიკაგო ჰაუსის სიყვარულში სეთ ტროქსლერს, დარწმუნებული ვარ, არც Prosumer ჩამოუვარდება, რომელიც ლარი ჰერდის შემდეგ დადგა მთავარ სცენაზე და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რატომაც მისი სეტიც ასეთი განსაკუთრებული გამოვიდა. პროსუმერისგან ბევრი ძველი და ახალი მუსიკა მოვისმინეთ, იქნებოდა ეს ნიუ-იორკული ლეგენდარული კლუბის, Paradise Garage-ის კლასიკა Mr & Mrs Dale - It’s You თუ Soundstream-ის „დენსფლორ ბენგერი” 3rd Movement.

მზის ამოსვლას კი მისი მშობლიური, ბრიტანული რეივ-კლასიკების ფონზე შევეგებეთ, როგორიცაა Mr. Monday - Future. Map.ache-ს სასიამოვნო ლაივმა კი ღამე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და მთავარმა მოქმედებამ გარე სცენაზე „ცა“ გადაინაცვლა.

პირველი ღამის განმავლობაში დიდი სცენა ერთადერთი ადგილი არ იყო, სადაც მუსიკის მოსმენას შეძლებდით. ფესტივალის დაწყებიდანვე ღია იყო ჰიპ-ჰოპ ოთახიც, რომელიც, შეიძლება ითქვას, 4GB-ის დამალული მარგალიტი გამოდგა. მაშინ, როდესაც მთავარ სცენასთან ხალხი კანტი-კუნტად იკრიბებოდა, ჰიპ-ჰოპის ოთახში Moku J უკვე გადავსებულ ოთახში უკრავდა, სადაც ადამიანები ბრეიქ-დანსის ცეკვისგანაც კი არ იკავებდნენ თავს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ხიბლიც ხომ სწორედ ეს არის — მოისმინო ბევრი განსხვავებული მუსიკა ერთ სივრცეში. ამის შემდეგ საღამო ქართული ანდერგრაუნდ ჰიპ-ჰოპის მძიმე არტილერიამ გადაიბარა — ჯერონიმო, TM & Mush One, IGO ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და გამონაკლისი არც ეს საღამო გამოდგა. ჰიპ-ჰოპური დილა კი თბილისის შეუცვლელმა დუომ, Deka-მ და MC Cutkill-მა დააგვირგვინეს.



გარე სცენაზე „ცა” დილის 8 საათიდან შუაღამემდე Vodkast-ის ტრადიციული ღონისძიება გაიმართა. პირველივე აქტი იმდენად საინტერესო იყო, რომ დაღლილობისდა მიუხედავად დარჩენა და მოსმენა ვამჯობინე. Andrew Hogge ვრცელი და ეკლექტური მუსიკალური წარსულის მქონე ადამიანია — Ariel Pink-ის დრამერობიდან მუსიკის კოლექტორობამდე და დიჯეობამდე საკმაოდ დიდი გზა გამოიარა.

ჰოგის ფსევდონიმი, Lovefingers თავდაპირველად მის ბლოგს ერქვა, რომელიც ბევრი მელომანისთვის წარმოადგენდა ახალი მუსიკის აღმოჩენის წყაროს, ისევე როგორც მისი ლეიბლი ESP Institute. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რთულად დასაჯერებელი იქნებოდა, რომ ენდრიუს მოსაწყენი მუსიკა დაეკრა და იმედგაცრუებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ. ამის შემდეგ დაკვრა ე.წ. კოსმიური დისკოს პიონერმა, ლეგენდალურმა იტალიელმა დიჯეიმ, დანიელე ბალდელიმ განაგრძო. მისი ჟღერადობა იმდენად უცხო იყო ყველაფრისგან, რაც აქამდე ფესტივალზე მომისმენია, რომ ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი.

სეტში უხვად იყო ძველი მუსიკა, რაც საერთოდ არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის 60-იანი წლების (არა, არ გეჩვენებათ) ბოლოდან დიჯეობს. ასევე, საშუალება მოგვეცა თავად ბალდელის კოსმიური მუსიკა მოგვესმინა, მაგალითად Daniele Baldelli & Dario Piana - Infinity Machine ან Aldo Band - Unbreakable (Baldelli & Dionigi Remix). ბოლოს კი ყველაფერი Jimmy Hendrix-ის All Along The Watchtower-ით დასრულდა — ამით ბალდელიმ თითქოს 60-იანი წლები გაგვახსენა — აი, აქედან დაიწყო ყველაფერიო.

შემდეგ მოედანი ადგილობრივმა გმირებმა, Third Soul-მა, Ericsson-მა და BMI-მ გადაიბარეს და, მიუხედავად იმისა, რომ მზე უკვე საკმაოზე მეტად აცხუნებდა და ხალხიც დაღლილი იყო, ისეთი ტრეკები, როგორებიცაა Herbert-ის Shuffler და Citizen Kane-ის Ron Trent-ისეული რემიქსი, ბუნებრივად არ იძლეოდა მოწყენის საშუალებას და დღის პირველი ნახევარის დასასრულიც შესანიშნავი გამოვიდა.


როდესაც დაკვრა ვახომ განაგრძო, მზე უკვე გადადიოდა და ხალხის ახალი ნაკადი იწყებდა მოსვლას. საცეკვაო მოედანზე რომ ვბრუნდებოდი, ვახო Sweet Dynamite-ის Todd Terje-ს edit-ს უკრავდა და ხალხი ახალი ენერგიებით იხარჯებოდა. ვახოს შემდეგ ზურკინის ჯერი მოვიდა, რომლის აფრო-ეთნო-ტრანს ჰანგებისა და უნაკლოსთან მიახლოებული მიქსვის ტექნიკის სინთეზიც მართლაც შთამბეჭდავი მოსასმენი გამოდგა, მისი დაკრული ტრეკები კი, მაგალითად, Brian Eno-ს Ali Click ან Stefan Egger-ის Mi Flauta ფესტივალის მომენტალურ ჰიტებად იქცნენ.

დაკვირვებული მსმენელი დუსელდორფის სცენის გადმოძახილსაც შეამჩნევდა ზურკინის სეტში, რომლის საპატიო წარმომადგენლები Jan Schulte იგივე Bufiman და DJ Normal 4 იქვე ინსტრუმენტებს აწყობდნენ და მის შემდეგ ლაივ-სეტის დასაკრავად ემზადებოდნენ. დღის დასასრულს უკვე ყველა სულმოუთქმელად ელოდებოდა Hunee-ს, რომელმაც თავისი შესაძლებლობებით კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როგორ შეიძლება, რომ მუსიკა, რომელიც, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის დიდი, საფესტივალო მასებისთვის განკუთვნილი, დაუკრა ფესტივალზე და ამდენი ადამიანი დატოვო ბედნიერი. თუმცა, თავად ჰუნი სულაც არ დარჩა საკუთარი თავით კმაყოფილი და პირად საუბრებში ცოტა გულდაწყვეტილიც კი იყო თავისი სეტის გამო.

ამის შემდეგ გარე სცენა „ცა’’ მინიმალ და მიკრო ჰაუსთან მიახლოებული ჟღერადობების მქონე დიჯეებმა გადაიბარეს. ჩიკა პაულამ ჰუნისგან რადიკალურად განსხვავებული, მონოტონური მუსიკის დაკვრა დაიწყო, რაც თავიდან ცოტა მოსაწყენი მომეჩვენა, მაგრამ 3-4 ფირფიტის დატრიალებაც საკმარისი იყო და  ირგვლივ უკვე ყველა მასთან ერთად ვცეკვავდით. ამის შემდეგ აქ ჟანრის ბევრმა გამორჩეულმა დიჯეიმ აიღო ასპარეზი — Tomma, Gio Shengelia, Edward, Sonja Moonear და სხვები კიდევ მრავალი საათი (შემდეგი დღის საღამომდე) ანაცვლებდნენ ერთმანეთს, მე კი გადავწყვიტე მთავარ სცენაზე გადავსულიყავი, სადაც DJ Bone იწყებდა დაკვრას.


4GB-ის მეორე ღამე დიდ სცენაზე მთლიანად ლეგენდარულ გერმანულ ლეიბლს, Tresor-ს მიეძღვნა. Claudia Anderson-ის გამხსნელი სეტის შემდეგ უკვე ნათელი იყო, რომ საინტერესო საღამო იწყებოდა. განსაკუთრებულად ველოდებოდი დეტროიტელ Dj Bone-ს, რომელმაც ძველი თაობის ბევრი ამერიკელი ლეგენდისგან განსხვავებით, კომერციული მუსიკის დაკვრას ანდერგრაუნდ პრინციპებისადმი ერთგულება არჩია.

Dj Bone-მა ნამდვილი ამერიკული ჟღერადობის, მაღალ ტემპიანი, მელოდიური ტექნო დაუკრა — ფანქის დიდი დოზით გაჯერებული სელექციაა, რაც თანამედროვე ტექნო სეტებს უაღრესად აკლია. ბოუნის ავანტიურისტული მიქვსის სტილი დიჯეების უმრავლესობისთვის მიუღწეველი ამოცანაა, ის კი ამას ისე ბუნებრივად და მარტივად აკეთებდა, რომ გეგონებოდათ მრავალწლიანი გამოცდილებისა და ვარჯიშის შედეგი არ ყოფილიყოს. ჩემთვის ეს 4GB-ის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო.

ფესტივალზე ზემოხსენებული სამი სცენის გარდა კიდევ ერთი — დორმის სცენა მოქმედებდა, სადაც ბევრ კარგ ადგილობრივ თუ უცხოურ მუსიკალურ აქტს მოისმენდით. თუმცა, შესანიშნავი ამინდის წყალობით ფესტივალზე დამსწრეთა უმრავლესობამ დახურულ სივრცეში ყოფნას სუფთა ჰაერზე ცეკვა არჩია და, შესაბამისად, ამ ადგილმა პირველ შაბათ-კვირას ყველაზე ნაკლები პოპულარობით ისარგებლა.

მიუხედავად იმისა რომ 4GB ჯერ არ დასრულებულა და კულმინაციური ნაწილი წინ გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ფესტივალი წინა წლებთან შედარებით უკვე ყველაზე მრავალფეროვანი და სასიამოვნოა მუსიკალურად.


ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი

ფოტოები: თორნიკე შენგელია


4GB 2019