ცისფერი მთები სიახლეები

ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდსა და სქი ქროსში

გუდაურში FIS ევროპის თასის ეტაპები ჩატარდა

მარტი 25, 2019

ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე საქართველომ საპატიო ადგილი გასულ წელს დაიკავა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება. მანამდე კი, გუდაურის თოვლის პარკში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) ევროპის თასის ეტაპები ჩაატარა.


შეჯიბრები ერთგვარი სამზადისი იყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს ბაკურიანში გაიმართება. მანამდე კი, საქართველომ 4 წლის განმვალობაში უნდა უმასპინძლოს ევროპის თასის ეტაპებს.

გუდაური გასული ორი კვირის განმვალობაში სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულების და სპორტსმენების ყურადღების ეპიცენტრში იყო მოქცეული. 15 ქვეყნის, 150 მდე სპორტსმენი საქართველოს ეწვია, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპებში მონაწილეობის მისაღებად. ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრები სნოუბორდ ქროსში და სქი ქროსში გაიმართა.


„თოვლმა და ამინდმა ხელი შეგვიწყო და ორივე დისციპლინაში შეჯიბრება წარმატებით ჩავატარეთ. სპორტსმენებს საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენის შანსი ჰქონდათ. ტექნიკური ტრასები იყო, ევროპის თასის სტანდარტების შესაბამისი. ძალიან კარგად ორგანიზებული იყო ყველა საშეჯიბრო დღე. მადლობა ყველას ვინც გვეხმარებოდა, რომ ეს ტურნირები უნაკლოდ ჩატარებულიყო.„ - კლაუს ვალდნერი, FIS-ის დელეგატი და შეჯიბრებების ხელმძღვანელი. 


სპეციალურად ეტაპებისთვის გუდაურს რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ. პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობაც.


სნოუბორდ ქროსისა და სქი ქროსის ეტაპებმა წარმატებით ჩაიარა. 2023 წლამდე კიდევ რამდენიმე ზამთარი და დიდი სამზადისი გველოდება!


ფოტოები: რეზი ყენია