ლიტერატურა კულტურა

5 წიგნი, რომლის გარეშეც წიგნის ფესტივალიდან არ უნდა წამოხვიდე

და აი, დაიწყო ის რამდენიმედღიანი ეიფორია, რომელიც მთლიანად მოიცავს ხოლმე მკითხველთა გულებს. იწყება ჯიბეების მოჩხრეკვის, სიის ჩამოწერის, სულ ახალთახალი, ჯერ კიდევ სტამბის სურნელგამოყოლილი წიგნების გადაფურცვლა, როცა გული ისე გიცემს, თითქოს პირველ პაემანზე მიდიხარ. იმედგაცრუებების გეშინია და თან, ამავე დროს, ყოფიერების სიმსუბუქეს მიწას რამდენიმე სანტიმენტრით გაშორებს.


მოკლედ, რასაკვირველია, შენც აპირებ ფესტივალზე შერბენას. და, რატომ მხოლოდ შერბენას? წიგნების თვალიერებას, ნაცნობ-მეგობრების ნახვას, ლიტერატურულ შეხვედრებზე დასწრებას, თანაც, თბილისის წიგნის ფესტივალი ხომ საერთაშორისო გახდა და არც მეტი და არც ნაკლები, ფინეთია მისი საპატიო სტუმარი ქვეყანა. მეტიც, საპატიო ქვეყნის სტატუსის საზეიმო გადაცემაც გელოდება, ფინეთი თურქეთს დაუთმობს ამ მისიას მომავალი წლისთვის.

მოკლედ, ჩაისუნთქე, დიდი თავგადასავალი იწყება.


მანამდე კი 5 წიგნი 5 გამომცემლობისგან, რომელიც აუცილებლად, უეჭველად, უსიკვდილოდ უნდა წამოიყოლო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალიდან.

აბა, დავიწყეთ!

1.   ფრენკ ჰერბერტის „დიუნის მესია“ მეორე ნაწილი, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.


არ არსებობს შეფასება, რომელიც ფრენკ ჰერბერტის „დიუნისთვის“ გადაჭარბებული იქნებოდა. წიგნს, რომელმაც ავტორს „ნებულას“ ჯილდო მოუტანა და ვისი სახელიც სამუდამოდ უკვდავყო, სამეცნიერო ფანტასტიკის პანთეონში ღირსეული ადგილი უკავია. „დიუნი“ არა მხოლოდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია, არამედ გაყიდვის რეკორდული მაჩვენებლითაც გამოირჩევა. საკულტო - სწორედ ეს სიტყვა ეხამება საუკეთესოდ ფრენკ ჰერბერტის მაგნუმ ოპუსად მიჩნეულ ნაწარმოებს

გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ სამეცნიერო ფანტასტიკის თაყვანისმცემლებს დიდი საჩუქარი გაუკეთა და წიგნის მეორე ნაწილიც გამოსცა. ეს წიგნი ჟანრული ლიტერატურის სამაგიდო წიგნია, ამიტომ არ უნდა დაკარგოთ მისი წაკითხვით გამოწვეული სიამოვნება.

2.   ლაშა ბუღაძე, „აუდიტორია“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა


ლაშა ბუღაძის ახალი რომანი - ეს სიტყვათშეხამება უკვე რაღაც საინტერესოს მოასწავებს. მითუმეტეს, „პატარა ქვეყნის“ მერე, რომელმაც ლიტერატურული პრემია „საბაც“ მოიპოვა და მკითხველს დიდი ხნის განმავლობაში გაუჩინა საკამათო და განსახილველი თემა.

„როდის არის ადამიანი ნამდვილი? მარტო, გარეშე თვალის დაკვირვებისგან თავისუფალი თუ მისკენ მიპყრობილი ყურადღების ცენტრში? რატომ სურს მას, ჰყავდეს მუდმივი აუდიტორია, რომლის წინაშეც საკუთარი ცხოვრების ცენზურაგავლილ ვერსიას წარადგენს და შესაბამის ავანსსაც მიიღებს „გულებისა“ და „მოწონებების“ სახით? სწორედ ამ საკითხებზე გვაფიქრებს ლაშა ბუღაძის ახალი რომანი „აუდიტორია“, რომელშიც სრულიად განსხვავებული, ერთმანეთთან მხოლოდ ინტერნეტნაცნობით დაკავშირებული რამდენიმე პერსონაჟი სხვადასხვაგვარად ცდილობს სოციალურ და პირად ცხოვრებას შორის არსებული უფსკრული მიჩქმალოს და თავისი მცირე, წარმოსახვითი აუდიტორიის წინაშე პირნათელი წარდგეს.“ - ასე წარგვიდგენს წიგნს გამომცემლობის გვერდზე გამოქვეყნებული ანოტაცია და სრულიად ახალი, თანამედროვე ლიტერატურის წაკითხვით მიღებულ შთაბეჭდილებებს გვპირდება.

3.  ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „იავნანა ლილისთვის“, გამომცემლობა „პალიტრა L”


სურათებიანი, საბავშვო წიგნებით გაჯერებულია ქართული საგამომცემლო ბაზარი, თუმცა ისეთი წიგნები, როგორიც „იავნანა ლილისთვისაა“ არც ისე ხშირად გამოდის. საბავშვო ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა თანასწორობაზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე, მიმღებლობასა და სიყვარულზე სასაუბროდ. საოცრად თბილ, გულწრფელ ამბავს სოფო კირთაძის ულამაზესი ილუსტრაციებიც ამშვენებს. პუბლიკაცია მომზადებულია კამპანიისთვის „კაცები ზრუნავენ“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში.


4. ჯულიან ბარნსი, „ერთადერთი ამბავი“ გამომცემლობა „დიოგენე“


ბარნსის მოყვარულებს კიდევ ერთი საჩუქარი გამომცემლობა „დიოგენესგან“. ჯულიან ბარნსის „ერთადერთი ამბავი“ უცნაური, სასიყვარულო ისტორიაა. უნივერსიტეტიდან არდადეგებზე შინ დაბრუნებული 19 წლის პოლი საჩოგბურთო კლუბში წევრიანდება, სადაც სიუზენს გაიცნობს. სიუზენი 48 წლისაა, დაოჯახებულია და ორი ქალიშვილი ჰყავს. მცირე ხანში პოლისა და სიუზენის ურთიერთობა უბრალო ნაცნობობას სცდება - მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს წიგნი სწორედ ამ სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელსაც უკვე ხანში შესული პოლი ჰყვება.

შესანიშნავი თარგმანის წყალობით ბარნსის განსაკუთრებული მწერლური ოსტატობა ქართულ გამოცემაშიც კარგად იკითხება, ამიტომ ლიტერატურის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა წაიყოლოთ სახლში ეს წიგნი.


5.   ნინო ხარატიშვილი, „მერვე სიცოცხლე ( ბრილკასთვის“) გამომცემლობა „ინტელექტი


„ბრილკა ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ანასტასიას ზედმეტსახელია; ის ამ ოჯახის მეექვსე, ბოლო თაობის წარმომადგენელია. მთელ ამ ისტორიას სწორედ ბრილკას უყვებიან. წიგნის თხრობა აწმყოში იწყება და წარსულში ბრუნდება. შემდეგ, ქრონოლოგიურად ისევ აწმყოსკენ მიემართება. ბრილკას ეპიზოდი ცარიელი ფურცლით მთავრდება... რადგან ის მერვე, მთავარი პერსონაჟია. ბრილკა, როგორც სახელი, პირველად პოლონურად გავიგე და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, რომ ჩემს პერსონაჟსაც მოუხდა ეს სახელი.“- ამბობს ნინო ხარატიშვილი ჟურნალ „ლიბერალისთის“ მიცეულ ინტერვიუში.

ახალგაზრდა, წარმატებული გერმანულოენოვანი ქართველი ავტორის ახალი, ეპიკური ტილო, ასწლოვანი საგა უფრო მეტს გვიამბობს საქართველოზე, ვიდრე ეს შეიძლება წარმოიდგინოთ.

ეს წიგნიც აუცილებლად წაიღეთ და, რაც მთავარია, აუცილებლად წაიკითხეთ!





სასიამოვნო ლიტერატურულ შთაბეჭდილებებს გისურვებთ!


saba.com.ge