კულტურა

10 ხელოვანი, რომლებიც Tbilisi Art Fair-ზე არ უნდა გამოგრჩეთ

უკვე მეორე წელია, რაც ექსპო ჯორჯია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, თბილისის ხელოვნების ბაზრობას მასპინძლობს. 17 მაისიდან მომდევნო ორი დღის განმავლობაში დამთვალიერებელი ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონებში ქართული თუ უცხოური გალერეების მიერ წარმოდგენილ მრავალფეროვან პროგრამებს იხილავს. სახელოვნებო ღონისძიებაში 30-მდე გალერეა და 35-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი მონაწილეობს. ქართველ ხელოვანებთან ერთად წარმოდგენილი არიან უცხოელი ხელოვანებიც.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელოვანს, რომელთა ნამუშევრების დათვალიერებას თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე შეძლებთ.



უფლის ამაღლება, 1994-2010

გალერეა Window Project თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე მხატვარ ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრებს წარადგენს. მხატვარმა, რომელმაც საქართველოში ვიტრაჟული ხელოვნების დანერგვას შეუწყო ხელი, ამავდროულად, 1990-იან წლებში არაერთი საინტერესო გრაფიკული და პოპარტისტული სერიაც შექმნა. მისი ნამუშევრების ხილვას კიდევ ერთხელ სწორედ TAF-ის ფარგლებში შეძლებთ.

Keti Kapanadze, Betwixt 2

დაინტერესებულ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა კონცეპტუალური არტისტის, ქეთი კაპანაძის ნამუშევრებს გაეცნოს, რომლებიც ხელოვანმა რამდენიმე ქართველ ხელოვან ქალთან ერთად გამოფენა Medea: Icons vs Logos-ში გააერთიანა. ჯგუფური ექსპოზიცია მედეას კულტურული და ისტორიული კონტექსტის კვლევას ეძღვნება და ის შეგიძლიათ TAF-ის სტუმრებმა ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში იხილოთ.ქეთი კაპანაძეს გალერეა Gisele Clemente წარადგენს.

Maia Naveriani, Clown 2, 2017

ამავე გამოფენაზე –  Medea: Icons vs Logos – საშუალება გექნებათ მხატვარ მაია ნავერიანის შემოქმედებაც იხილოთ. ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც ხშირად იფინება ევროპულ და ამერიკულ გალერეებში, თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე გალერეა Project Art Beat –ის წარდგენილია.

Ketuta Alexi-Meskhishvili Tbilisi still life, 2018

გალერეა LC Queisser თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის  და ჩიკაგოში მცხოვრები მხატვრისა და მუსიკოსის, ლიზა ალვარადოს ნამუშევრებს წარადგენს.

ლიზა ალვარადოს ნამუშევრები ცნობილია, როგორც მხატვრობისა და მუსიკის სინთეზი, რაც ხელოვანის შემოქმედებაში ხშირად ისტორიით და ტრადიციებითაა შთაგონებული.


Lisa Alvarado Traditional Object 28, 2018

თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე გალერეა Project Art beat-ი წარადგენს არტისტ გვანცა ჯიშკარიანსაც. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ინსტალაციის და სკულპტურის მედიუმში მუშაობს, ამავდროულად თბილისის ერთ–ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე Patara Gallery-ს დამაარსებელია.


გვანცა ჯიშკარიანის სკულპტურული ნამუშევარი სულ ახლახან რამდენიმე არტისტთან ერთად გალერეა Project Art Beat-ის მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ გამოფენა “Body Experience…is the Centre of Creation”–ში გამოიფინა.


Anna K.E. Crossing Gibraltar at Midday


Anna K.E. Teen Factory

არტისტ ანნა ქ.ე.-ს, რომელმაც წელს ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა, თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე გალერეა Simone Subal წარადგენს. ხელოვანი, რომელიც ვიდეოარტის, ინსტალაციის და სკულპტურის მიმართულებით მუშაობს, ვენეციის ბიენალეს წარმატებული გამოფენის შემდეგ, ქართველი დამთვალიერებლის წინაშე თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში წარდგება.


კიდევ ერთი არტისტი ქალი, რომელსაც თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე გალერეა “ნექტარი” წარადგენს, თეა გვეტაძეა.წლების განმავლობაში გერმანიაში მოღვაწე არტისტის 2008-10 წლებში შექმნილი ნამუშევრების ხილვას დამთვალიერებელი გამოფენა „ოთხი ლაპარაკის“ ფარგლებში შეძლებს. გამოფენის სახელწოდება შოთა ბოსტანაშვილის პოეტური ტექსტიდანაა აღებული, რომელიც, როგორც ავტორი განმარტავს, „დაწერილია არა იმდენად წყალზე, ცეცხლზე, ჰაერსა და მიწაზე, რამდენადაც წყლით, ცეცხლით, ჰაერით და მიწით“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გარდა, TAF-ის სტუმრებს შანსი ეძლევათ უცხოელი არტისტების შემოქმედებაც იხილონ. თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე, „ღია სივრცეში“ 17 მაისს ჯგუფური გამოფენა „სასტუმრო ევროპა: მათი წარსული, თქვენი აწმყო, ჩვენი მომავალი“ გაიმართება. დამთვალიერებელი კონცეპტუალური ხელოვანის, ბრაკო დიმიტრიევიჩის და გერმანიაში მოღვაწე არტისტის, პეტრიტ ჰალილას ნამუშევრებს გაეცნობა. ამ უკანასკნელის ინსტალაციები და სკულპტურები ცნობილია როგორც ადამიანის პერსონალური ისტორიის და პირადი სივრცის კვლევის ამსახველი ნიმუშები. საერთო „ევროპული“ კონცეფციით გაერთიანებულ არტისტებს თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე Kamel Mennour-ისა და Levy Delval-ის გალერეები წარადგენენ.

Petrit Halilaj, Abetare, 2017

წყარო: Hammock.at.ge /გვანცა ჩანადირი