2021 წლის პირველი ნახევრის რჩეული ალბომები

Floating Points, Pharoah Sanders & The London Symphony Orchestra ‎– Promises

2015 წელს ამერიკული ჯაზის ლეგენდამ, ფაროა სანდერსმა პირველად მოუსმინა ბრიტანელი დიჯეისა და მუსიკოსის, Floating Point-ის შემოქმედებას, რამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდგომ მან, 40 წლით უმცროს მუსიკოსს კოლაბორაცია შესთავაზა, რომელიც 2021 წლის დასაწყისში, ახალ ალბომში „Promises” ითარგმნა. ალბომი, რომელიც მსმენელებისთვის სიმშვიდის დოზებს ყოველდღიურად გულუხვად გასცემს, ერთი კომპოზიციისგან შედგება, რომელიც 9 ნაწილად (მოქმედებად) არის დაყოფილი და მასზე ნახსენები მუსიკოსების გარდა, ლონდონის სიმფონიურმა ორკესტრმაც იმუშავა.

Jay Sound – Japan

დეტროიდელი პროდიუსერი Jay Sound რამდენიმე წელია, რაც აქტიურად გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. გასული წლის რამდენიმე თვე მან იაპონიაში გაატარა, სადაც ქვეყნის წარსულის და ქალაქების აურის შესწავლა მარტივად შეძლო. სწორედ 90-იანი წლების იაპონიის ინსპირაციით არის შექმნილი მისი ახალი ალბომი „Japan”. მუსიკალურად აქ სტილების განსხვავებულ ვარიაციას შეხვდებით, ემბიენთი, ჯაზ ფიუჟენი, New Age - რომლებიც უმალ გადაიქცევიან თქვენი იაპონური ოცნებების მუსიკალურ აკომპანიმენტად.

Madlib - Sound Ancestors

ოტის ჯექსონი (უმცროსი) რომ მრავალი მუსიკალური გზის მქონე ადამიანია, ეს ახალი არ არის. ბოლო 25 წლის განმავლობაში მისი შემოქმედება 30-ზე მეტი პროექტიდან 100-ზე მეტ ალბომს ითვლის, რომელებიც ჟანრობრივადაც სრულიად განსხვავდება - ჰიპ-ჰოპი, ჯაზი, ფანკი, სოული თუ ბრიტანული ელექტრონული მუსიკა. 2020 წლის ბოლოს დაანონსდა, რომ Madlib ბრიტანელ მუსიკოსთან, Four Tet-თან ერთად კოლაბორაციულ ალბომს გვიმზადებდა, 2021 წლის დასაწყისში კი „Sound Ancestors“ უკვე მელომანებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი - Madlib-ის კომპოზიციების საბოლოო არანჟირება სწორედ Four Tet-ს ეკუთვნის. მოსმენისას ადვილად მისახვედრია, რომ ალბომი განსაკუთრებულ ამბავს გვიყვება და ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის ჟანრი სრულიად განსხვავებულ დონეზე აჰყავს.

The Antlers - Green to Gold

ბრუკლინური ინდი ბენდი The Antlers პიტერ სილბერმანის თაოსნობით 6 წელში ახალი ალბომით გვიბრუნდება. „Green To Gold” ეს არის ალბომი ადამიანებში ცვლილებების შესახებ - ცხოვრებაში ამ ცვლილებების გავლა ყველას გვიწევს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად რთულად ვიღებთ ამ გამოწვევას. ალბომის იდეაც ეს არის, რომ საკუთარი თავი ყველა მსგავსი ცვლილების შემდეგ ხელმეორედ შევიყვაროთ. წინა ალბომებთან შედარებით, აქ მუსიკა ბევრად ნათელია, მეტნაკლებად ამის მიზეზი ის არის, რომ იგი 2 წლის განმავლობაში ძირითადად დილის საათებში იწერებოდა - სწორედ მზიანი კვირა დილისთვის შეგიძლია შემოინახოთ მისი მოსმენაც.

Arlo Parks - Collapsed in Sunbeams

დასავლეთ ლონდონელი პოეტი და მუსიკოსი თავის ახალ ალბომში სოულის, ჯაზისა და პოპის ლამაზ ნაზავს გვთავაზობს, სადაც ემოციური საკითხები და ადამიანისთვის რთული მდგომარებები, მუსიკალურად ოცნებანარევი სენტიმენტით არის გადმოცემული. 12 სიმღერის მოსმენის შემდეგ კი უკვე ხვდები, რომ მეორე მოსმენის წრეზეც საჭიროა წასვლა და ისევ იძირები ახალგაზრდული სულისკვეთებით შექმნილ ისტორიებში.

Shohei Amimori - Ex.LIFE

შოჰეი ამიმორი კლასიკური და თანამედროვე მუსიკის პროდიუსერია, რომელმაც გასულ 5 წელში იაპონიაში და მის საზღვრებს გარეთაც მიიპყრო ყურადღება. მისი შემოქმედება თითქოს ერთმანეთთან მუდმივად დაპირისპირებულ ფაზაში მყოფ პოპ და ექსპერიმენტულ მუსიკას შორის გადებული ხიდია. „Ex. LIFE”-იც სწორედ ამ ზღვარს შორის გამავალი ხაზია. ერთის მხრივ, მშვიდი კომპოზიციები ფორტეპიანოს თანხლებით, რომლებიც რუიჩი საკამოტოს მოგაგონებთ, მეორე მხრივ არაორდინალური კომპოზიციების ნაკრები, რომლებიც მსმენელში გარკვეული, მათთვის უცნობი სამყაროს ფოტოებს აცოცხლებს - რაც, საბოლოო ჯამში, ფერადოვან შთაბეჭდილებებს აღვიძებს და ამოძრავებს.

Bruno Pernadas - Private Reasons

2016 წლის შემდეგ ლისაბონელი ბრუნო პერნადასის პირველი ახალი ალბომი მსმენელისთვის უკვე ხელმისაწვდომია. მისი გამოჩენა პროგრესული პოპის სცენაზე რამდენიმე წლის წინ ნამდვილად მეხის გაელვებასავით იყო. „Private Reasons”-ში პორტუგალიელის მუსიკალური პალიტრა უფრო მდიდარია, თითქოს ეს 60-იანი წლების Sunshine Pop-ის თანამედროვე ვერსიაა, თავისი ფსიქოდელიური ჩანართებით. ეს სიყვარულითა და ბედნიერებით შექმნილი ჩანაწერია, რომელიც მსმენელს ზუსტად ამ ორი მდგომარეობის მინიჭებას ჰპირდება. მომენტებში ვიღაცას შეიძლება Beach Boys გაახსენდეს, ვიღაცას კი Tame Impala - მაგრამ არა, ეს ერთადერთი და განუმეორებელი ბრუნო პერნადასია. მოინიშნეთ მისი სახელი, ვინაიდან დარწმუნებული ვარ მომავალშიც არაერთხელ შეგვახსენებს თავს.

Mark Templeton - Ocean Front Property

კანადელი საუნდ არტისტის და ფოტოგრაფის, მარკ თემპლეტონის ახალი ხმოვანი ნამუშევარი და თანდართული ფოტოწიგნი ერთ კონკრეტულ იდეას იკვლევს - ეს არის სურვილი, იმყოფებოდე გარკვეულ გეოგრაფიულ გარემოში, თუმცა შენთვის არსებული რეალობისთვის ეს კვლავ მიუწვდომელი შესაძლებლობა იყოს. არტისტის შემთხვევაში ეს იყო სურვილი წყალთან, ლურჯ ოკეანესთან მიკუთვნებულობის მირაჟი. აღნიშნული ნაწარმოები არტისტმა აბლერტის პროვინციაში ჩაწერა, საიდანაც ოკეანის სანაპირომდე ათასამდე კილომეტრია გადასალახი. ფოტოწიგნში და აუდიო აქტში შემავალი ობიექტები კი მეტაფორის როლს ასრულებს, სადაც ისინი შეიქმნენ (ალბერტის პროვინცია) და იმ არეალს და წარმოდგენილ სამყაროს, რომლებსაც ისინი გამოხატავენ.

Iglooghost - Lei Line Eon

ლონდონელი მუსიკალური პროდუსერი, IGLOOGHOST ხმოვანების თვალსაზრისით ყველაფერ უცნაურობასთან ასოცირდება. რამდენიმე წლის წინ მისი გზის გაკვალვა Branfeeder-ის ლეიბლის დახმარებით მოხდა. წინა ალბომებში პროდიუსერი მუსიკალურად, ვიზუალურად და იდეურად სრულად განსხვავებულ სამყაროებს გვიხატავდა, მოგვითხობდა ამ სამყაროების გმირებსა და ანტიგმირებზე, მათ საფიქრალსა და სურვილებზე. ეს ყველაფერი მეტაფორისთვის როდია დაწერილი, დასარწმუნებლად შეგიძლიათ მოუსმინოთ „Neō Wax Bloom“ - მის ერთ-ერთ ალბომს. თუმცა, ახალი ჩანაწერით მისი სამყაროების ჩამონათვალს კიდევ ერთი ემატება - ახალ ალბომში ბრიტანელი ე.წ. “Lei Music“-ს იკვლევს, რომელიც IGLOOGHOST-ის განცხადებით მისი დაბადების ადგილის ტრადიციული მუსიკაა. ალბომი კი ნამდვილად არაამქვეყნურია, სადაც ვიოლინოს ჰარმონიულობას საპირისპირო სამყაროდან არაორდინალური ბითები და გლიჩები არღვევენ. მოკლედ, ვინც მუსიკაში არაორდინალურ გადაწყვეტებს აფასებთ, ეს ალბომი თქვენთვისაა.

Adrian Younge - The American Negro

Adrian Younge  კალიფორნიელი მუსიკალური პროდიუსერია, რომელიც ამჟამად ლეიბლ Jazz Is Dead-ს კურირებს - ამ ლეიბლზე წინა წლის განმავლობაში გამოვიდა ისეთი მუსიკოსების ახალი ალბომები, რომელებიც აუცილებლად მიგანიშნებენ დასახელების ირონიულ კონტექსტზე. ლეიბლის უახლესი ალბომი კი თავად ადრიანს ეკუთვნის. „The American Negro“ საკმაოდ დიდი და მულტიმედიური პროექტია - ის მოიცავს ალბომს, სადაც მუსიკოსი ყველა ინსტრუმენტზე თავად უკრავს, ტექსტებიც მას ეკუთვნის, ვოკალურ ნაწილს კი მოწვეული სტუმრები ასრულებენ, ასევე პოდკასტების სერიასა და მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც მაყურებლისთვის თვის ბოლოსთვის გახდება ხელმისაწვდომი. „The American Negro“ ამერიკაში სისტემური რასიზმის საფუძვლებს იკვლევს, რომელსაც მუსიკოსი 26 კომპოზიციის განმავლობაში გადმოგვცემს.

Biosphere - Angel's Flight

ნორვეგიული ემბიენთ პროექტი Biopshere-სთვის ახალი არ არის კლასიკური მუსიკის თემების გადათამაშება, ვინაიდან წინა ალბომშიც იგივე მეთოდი გამოიყენა. „Angel's Flight“ კი რეფლექსიას ბეთჰოვენის მე-14 სიმებიან კვარტეტზე აკეთებს. მუსიკა აქ ტრადიციულად სუსხიანი და პირქუშია, თუმცა ისეთივე ემოციური და დამაინტრიგებელი, როგორც გასულ წლებში.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი