კულტურა

ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის 58-ე სახელოვნებო ბიენალეზე

Hammock

მარტი 25, 2019

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა და უკვე 120 წელზე მეტს ითვლის.


2019 წლის გამოფენა, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია (Ralph Rugoff), გაიმართება საერთო კონცეფციის ქვეშ – “გეცხოვროთ საინტერესო დროში” (May You Live in Interesting Times).


“გეცხოვროთ საინტერესო დროში” ხელოვანთა იმ ნამუშევრებს გააერთიანებს, რომლებიც დამთვალიერებელს ობიექტებისა და გამოსახულებების, ჟესტებისა და სიტუაციების ახლებური გააზრების საშუალებას მისცემს.


Anna K.E., REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… Courtesy of Artist, Simone Subal Gallery



„58-ე საერთაშორისო სახელოვნებო გამოფენა ხაზს გაუსვამს ზოგად მიდგომებს ხელოვნების ნიმუშების შექმნისას და ხელოვნების აღქმას სოციუმში, რომელიც მოიაზრებს როგორც ესთეტიკური სიამოვნების მიღებას, ასევე კრიტიკულ აზროვნებას. ხელოვანები, რომლებიც ამ მიმართულებით აზროვნებენ, ხშირად განსხვავებულ აზრს სძენენ ე.წ. ფაქტებს, კავშირების გაღრმავებით და ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მინიჭებით.“ – ამბობს რალფ რუგოფი.


Anna K.E., REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… Courtesy of Artist, Simone Subal Gallery

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართულ პავილიონს წარმოადგენს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანის, ანნა კ.ე.-ს ნამუშევარი: REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… პროექტზე ავტორთან ერთად კურატორი მარგო ნორტონი მუშაობდა. პროექტი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, “თიბისი სტატუსის” ,”აჭარა ჯგუფის”, Ernst & Young-ისა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება, გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგება ბიენალეზე.


ანნა კ.ე.-ს ამ დროისთვის ყველაზე ამბიციური ნამუშევარი ხელოვანის შემოქმედების ბევრ წამყვან მოტივს აერთიანებს, რომლებიც მან თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ღრმად გამოიკვლია და დაამუშავა.  


Anna K.E., REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… Courtesy of Artist, Simone Subal Gallery

“ანნა კ.ე.-ს, რომელიც კლასიკურ ბალეტს პროფესიულად სწავლობდა, სივრცეში სხეულის მოძრაობის განსაკუთრებულად ზუსტი განცდის უნარი აქვს. ამიტომ, მის შემოქმედებაში შექმნილ დენად არქიტექტურულ სივრცეებს ყოველთვის ქორეოგრაფიულობა გამოარჩევს. ანნა კ.ე.-ს თავშესაქცევ ვიდეოებში მისივე სხეული ხშირად პროტაგონისტის როლში გვევლინება. თანამედროვე ცხოვრების აბსურდული, მაგრამ ამავდროულად სიცოცხლისუნარიანი ალეგორიებით, ანნას ნამუშევრები გვიბიძგებენ, ყურადღების ქვეშ მოვაქციოთ ორიგინალური ხედვის წერტილები, საიდანაც შესაძლებელი ხდება შეუთავსებელი ცნებების თანაარსებობა.” – ვკითხულობთ საკონკურსო კომისიის შეფასებაში.


REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…-ის სტრუქტურის ზედაპირზე უსისტემოდ მიმოფანტულია პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. ანნა კ.ე. ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს. წყალი მუდმივობას, განწმენდას და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის, ასომთავრულის პროტოტიპებია, რომელიც ძ.წ. 430 წელს გაფორმდა.


Anna K.E., REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… Courtesy of Artist, Simone Subal Gallery

ნამუშევრისთვის ანნა კ.ე. ასომთავრული ანბანით ინგლისურ სიტყვას “deranged” მარცვლავს, ისე რომ არ თარგმნის ქართულად. ვენეციის ბიენალეს კონცეფციასთან თანხვედრაში ხელოვანი ენის სტრუქტურას და თარგმანს აყენებს ეჭვქვეშ. სიტყვა „deranged” თავის მხრივ ნიშნავს რაღაცას, რაც ირაციონალური და არასტაბილურია, არასწორად თარგმნილი ან „ალტერნატიული ფაქტი“, რომელიც არღვევს კავშირს ენას, ფორმას და პერცეფციას შორის. ანნა კ.ე. მიგვანიშნებს, რომ სისტემები და ინსტიტუციები, რომლებიც უდრეკი იყო საუკუნეების განმავლობაში, დღეს უკვე ძალიან ფასადური, ხელოვნური და ძალდატანებით დაბალანსებული საზოგადოებრივი სხეულებია – შეიძლება ითქვას, კოლაფსის ზღვარზე მყოფი.


ანნა კ.ე.-ს ნამუშევრები ყოველთვის გვახსენებს იმ ფუნდამენტურ მახასიათებლებს, რომლებიც ადამიანებს გვაერთიანებს და გვაქცევს ადამიანებად.


შეგახსენებთ რომ, 58-ე საერთაშორისო გამოფენის წინასწარი გახსნა 8-დან 10 მაისის ჩათვლით მოეწყობა, ხოლო ოფიციალურად ბიენალე 2019 წლის 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება.


Hammock Magazine “თიბისი სტატუსის” მხარდაჭერით გაგიძღვებათ ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე, მანამდე კი თვალი ადევნეთ სიახლეებს.


ავტორი: Hammock