11TH Podcast-ის მიმოხილვა: Bassil, Solo, Eterr, Rusudani, Liquid Diction.

11TH Podcast 001 : Bassil

„ფირფიტებს აქტიურად ვაგროვებ და ჩემს სელექციასაც კარგად ვიცნობ, ამიტომ ის ჟღერადობა, რაც მინდოდა რომ ამ სეტს ჰქონოდა, მალევე დავიჭირე. სეტი 11TH-ს სტუდიაში ჩავწერე, სადაც თავს ყოველთვის ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. არ მინდოდა, რომ ეს სეტი ლამაზად დავარცხნილი, უშეცდომო და უნაკლო ყოფილიყო, ამიტომ პირველივე ჩაწერაზე რაც გამოვიდა შედეგიც ეს არის. რაც შეეხება სელექციას, მსურდა, რომ 90-იანი წლების ჟღერადობისთან ახლოს ყოფილიყო და ფირფიტებიც ამ პრინციპით ავარჩიე. საბოლოოდ, ვფიქრობ კარგი გამოვიდა და ის იდეა, რაც მქონდა, სრულად განვახორციელე.“ - Bassil ახალგაზრდა დიჯეისა და პროდიუსერის, ნუგო ბასილაიას პროექტია, რომელიც ამავდროულად 11TH Podcast-ის პირველი მიქსის ავტორია. არტისტი აღნიშნავს, რომ მისი მიზანია საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები ბოლომდე ამოწუროს და მუსიკის გზით მსმენელს საკუთარი იდეები გაუზიაროს, რისი ერთ-ერთი მაგალითიც11TH Podcast-ისთვის ჩაწერილი vinyl-only სეტია

11TH Podcast 002 : Solo

 "მუსიკასთან პირველი გააზრებული შეხება 6-7 წლის ასაკში მქონდა - მაშინ, როცა მშობლებმა ფორტეპიანოზე შემიყვანეს. ეს გადაწყვეტილება მთლად ნებაყოფლობითი იყო, მაგრამ კარგად მახსოვს თუ რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ბახის ნაწარმოებმა Toccata and Fugue in D minor - ეგ იყო ალბათ ჩემი პირველი მუსიკალური შოკი. შემდეგი ნაბიჯი იყო ჰიპ-ჰოპი, რის შემდეგაც გავიცანი სხვა მუსიკალური ჟანრებიც. " - 11TH-ის პოდკასტის სეირების შემდეგი სტუმარი სოლო წიწუაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ მუსიკასთან მისი სერიოზული ურთიერთობა საკმაოდ გვიან, 25 წლის ასაკში დაიწყო, ახალმა ჟღერადობამ და მისი დაკვრის ხელოვნებას სოსოს ყურადღება სწრაფადვე მიიქცია. მისი მიზანი მუსიკის მუდმივად ძიების სურვილის შენარჩუნებაა, მუსიკის, რომელიც თავის გზას მუდმივად იპოვნის. ხოლო, რაც შეეხება თავად სეტს: „Dance is the answer. ეს ფრაზა მიტრიალებს სულ თავში. თან მჯერა, რომ თუ ადამიანი ცეკვავს, დიდი ალბათობით ის კარგ ხასიათზეა. შესაბამისად, ვეცადე ეს 1 საათი ყოფილიყო იმ მუსიკის ერთობა, რაც ბოლო პერიოდში კარგ ხასიათზე მაყენებს. „

11TH Podcast 003 : Eterr

თუ ETERR-ის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, ეს პოდკასტი მის მუსიკალურ სამყაროში ძალიან ადვილად და სწრაფად შეგიყვანთ. შესაძლოა ტერმინი ‘ჰარდკორი’ თანამედროვე ჟურნალისტიკას ძალიან ბევრჯერ ემსხვერპლა და ხშირად გაუგებარი მნიშვნელობითაც იყენებენ, მაგრამ ETERR-ის სეტი ამ ტერმინის ყველაზე ავთენტურ შინაარს ეხმაურება.


ტექნოს ბრუტალური სახე, Gabber-ის ისტერიულობა და ქაოტურობა, Drum 'n' Bass-ის არაპროგნოზირებადი ხასიათი -11TH Podcast-ის მესამე სერიაში ვხვდებით ყველაფერს, რაც საცეკვაო მუსიკის ჰარდკორ მიმართულების დეენემში ინახება. ფაქტია, რომ ETERR საკმაოდ გაბედული და თამამი არტისტია, რომელსაც არ ეშინია მუსიკალურ ჟანრებს შორის ხიდების შენების და მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზების. ეს არის სეტი, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ, მიუხედავად იმისა, მოგეწონებათ თუ არა ის, რაც გელოდებათ.

11TH Podcast 004 : Rusudani

პოდკასტის მეოთხე სერიის სტუმარია თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის კიდევ ერთი ახალი სახე Rusudani, რომელიც ძალიან საინტერესო მიქსით გაგვეცნო. სეტის დასაწყისი საკმაოდ ფრთხილი და მინიმალისტურია, თუმცა ამავდროულად იმედისმომცემიც, რადგან კარგად ჩანს, რომ არტისტი ყველა კარტის ერთდროულად გაშლას არ აპირებს. ბრეიქბითის და ტრადიციული ელექტროს ჟღერადობა როგორც წესი საცეკვაო განწყობის სტიმულირებისთვის გამოიყენება, თუმცა რუსუდანის მიქსი საკმაოდ ინტროსპექციულია და ე.წ. სახლში მოსასმენადაც განკუთვნილი.


სეტის მეორე ნაწილში თითქოს ახალი მუსიკალური კარები იღება და ცალკეული სეგმენტები უფრო მელოდიური და მსუბუქი ხდება, მაგრამ ამავდროულად არ იკარგება ის მინიმალიზმი, რომელსაც მუსიკოსმა პირველივე წუთებში მიგვაჩვია. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან საინტერესოდ ისმინება ბიტებს მიღმა დამალული ბგერითი ლანდშაფტები, რომელიც ნამდვილად არ გამოგრჩებათ თუკი რუსუდანის სეტს დაკვირვებით მოუსმენთ.

11TH Podcast 005 : Liquid Diction

Liquid Diction ქართველი არტისტის, ნიკალა ხოშტარიას მუსიკალური პროექტია, რომელიც თბილისის სცენაზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მიქსის ძირითად მუსიკალურ საყრდენს ტექნო წარმოადგენს, 80 წუთიანი სეტი ბევრად უფრო მეტს გვთავაზობს, ვიდრე სტანდარტულ საცეკვაო მუსიკას ჩვევია.


 Liquid Diction წარმატებულად ახერხებს ჰიპნოტური და ფსიქოდელიური განწყობის შექმნას, რომელიც პოდკასტის ამ სერიას საინტერესო ხაზად მიჰყვება და მსმენელს სამეცნიერო ფანტასტიკებისთის დამახასიათებელ სამყაროში ამოგზაურებს. მუსიკის სივრცული ხასიათია ერთ-ერთი ის დეტალია, რისი აღმოჩენის მცდელობაც Liquid Diction-ის შემოქმედებით საქმიანობას ძალიან ეტყობა, ეს სეტი კი ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.


ავტორი: რეზი ხუნწელია