რა აინტერესებთ ბავშვებს?

დღეს 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე. დღე, როცა ყველანი ცოტათი მეტს ვიფიქრებთ ბავშვებსა და მათ უფლებებზე, მათ სურვილებსა და საჭირობებზე, უფრო მეტს ვიფიქრებთ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში, როცა ყოველდღიურ ფუსფუსში ისე გვავიწყდება მათი თვალები, რომ მხოლოდ ძილის წინ თუ ვიხსენებთ, ისიც შემთხვევით - უი, დღეს მათემატიკის ამოცანაში დახმარება მთხოვა და დამავიწყდა, არც სამაგიდო თამაში ვითამაშე მასთან ერთად.


მაინც რა უნდათ ბავშვებს? ბავშვის უფლებათა კონვენციის ყველა მუხლი ზეპირად რომც გვახსოვდეს, სიმართლეს მაინც ვერ მივწვდებით, რაღაც მაინც დაგვავიწყდება.

რა უნდათ ბავშვებს?

იქნებ მარტოობა აწუხებთ და საუკეთესო მეგობარი სჭირდებათ, რომელიც პროპელერის ზუზუნით გააფერადებს მათ დღეებს, მერე რა, რომ ფუნთუშებსაც აწაპნავს. მეგობარი, რომელიც ყინულის სამეფოსაც გადმოლახავს, გადასახლებაშიც წამოგყვება, როცა პატარა მეფე ხარ, მერე რა რომ მეფე, მაინც პატარა.


იქნებ განცდა, რომ არაფრის გეშინია, რომ რაღაც გიცავს, თუნდაც სულ მარტო ცხოვრობდე სასაცილო ვილაში ცხენსა და მაიმუნთან ერთად და ოქროს მონეტებით სავსე სკივრი გედგას სახლში.


იქნებ ერთადერთი ყვავილი, პასუხი ყველა კითხვაზე, კიდევ უფრო მეტი კითხვა, ახალ-ახალი სივრცეები და პლანეტები და ფუმფულა მელია, რომელიც მოგიშინაურებს?

იქნებ დღისა და ღაის გასაყართან საოცნებო მეგობართან შეხვედრა, ციცინათელების ბრჭყვიალი ან და ჭიამაიების ლაპლაპა ფრთები.


უპირობო სიყვარული მაშინაც კი, როცა ხის ცხვირი გაქვს და თოჯინა ხარ, სიყვარული, რომელიც ადამიანად გაქცევს.


იქნებ თბილი კერა და თბილი ოჯახი, ქუჩის მომღერალი მეგობარი, მასთან ერთად მსოფლიოს მოვლა და მერე შინ, პაწაწინა სახლში დაბრუნება.


იქნებ დიდი, რვაბავშვიანი ოჯახი და ტყის სახლი, თოვლი, რომელიც მხოლოდ შენია.

იქნებ მონტებულსუ, რომელსაც მამის დაბრუნებას შესთხოვ.


იქნებ მოგაზურობა დედამიწისა თუ მთვარის გარშმო, წყალქვეშ, ცაში, კოსმოსში, საოცარ სამყაროში.


იქნებ ცაცხვი და ბულბული, ასამღერებლად.


იქნებ ვიღაც, ვინც ქოლგასა და ქარს მოჰყვება და ვარსკვლავებიანი თაფლაკვერების ჭამას და ჭერზე სადილობას გასწავლის?


იქნებ ძალა, რომ შეწყვიტო ომი მაშინაც, როცა ეს თითქოს შეუძლებელია, ქვემეხს ყვავილები ასროლინო.


იქნებ მარჯვნივ რომ წახვალ, იქაც გადარჩე, მარცხნივაც, წინ წასვლითაც და უკან დაბრუნებითაც?


საოცრებათა ქვეყანა? იქნებ პატარა , თბილი, ნათელი სივრცე, იყოს თუნდაც კუნძული საბერძნეთში თუ შვედეთში, სადაც ისეთი ბედნიერი ხარ შენს ოჯასხა და სხვა ცხოველებთან ერთად.


რა უნდათ ბავშვებს? სკოლა, სადაც თუნდაც ერთი მასწავლებელი მაინც შეამჩნევს მათ შესაძლებლობას? სკოლა, რომელიც ადამიანობას ასწავლის? მეგობარი? რომელიც ყველა გზაზე გამოგყვება, საქმე, რომელიც გეყვარება, ადამიანები, რომელთაც ეყვარები?


ცისფერი ირემი? ლაჟვარდისფერი ისარი, ცრემლისა და სიხარულის გაზიარება? თბილი ხელთათმანი ყინვაში, ერთი ცალი ფორთოხალი სიცხეში, ნაცნობი სიმღერა მარტოობისას, საყვარელი წიგნის საყვარელი პერსონაჟი?


რა უნდათ ბავშვებს? ოცნებები, სიმართლე, სიყვარული, გაგება, გაზიარება, მიღება, დაჯერება, გათვალისწინება - ანუ ყველაფერი ის, რაც არის ლიტერატურა.


1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა, უფრო სწორად, ბავშვი მკითხველების დღეა, შესაბამისად, საბავშვო წიგნის დღეც.


როცა ბავშვი წიგნს ხვდება, იქ სასწაული იწყება, პირველ წინადადებას მიდევნებულ თითს სამყაროს გასაღების გაღება შეუძლია.


არ დატოვო ბავშვი ლიტერატურული სამყაროს გარეშე!


ავტორი: saba.com.ge