„წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“

რა ხდება მაშინ, როცა ხელოვანები ზღაპარში მოგზაურობენ? – ამაზე პასუხს თიბისის კონცეპტ სივრცეში იპოვით, სადაც, 1-ელი აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით, „წიქარას“ ჯადოსნური სამყარო გაიხსნება და ისეთივე ნამდვილი და ხელშესახები გახდება, როგორიც ჩვენს ბავშვურ ფანტაზიებში იყო.

„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“

© ნიკა ფანიაშვილი

რაც მთავარია, გამოგონილი ამბები აქ ნამდვილ ნივთებად და არტეფაქტებად გადაიქცევა და დაადასტურებს, რომ ყველა ზღაპარი, ოდესღაც სინამდვილე იყო...

„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“

© სერა ძნელაძე

ზღაპრული თავგადასავალი ასე დაიწყო: 2018 წელს, როცა საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, შტრუველპეტერის მუზეუმმა, საქართველოდან წარდგენილ რამდენიმე პროექტს შორის, შეარჩია იდეა, რომელმაც ილუსტრატორები – გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი გააერთიანა.

„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“

© ნიკა ფანიაშვილი


გამომდინარე იქიდან, რომ შტრუველპეტერი გერმანელი ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირი იყო, ილუსტრატორებმა გადაწყვიტეს, საქართველოს შესახებ ყველაზე ცნობილი ზღაპრის დახმარებით მოეყოლათ და „წიქარას“ სამყაროში მოგზაურობისას, ის ნამდვილი ამბები და ნივთებიც აღმოეჩინათ, რომლითაც ზღაპრული საქართველოს რეალურ სურათს დახატავდნენ. აი, ასე შეიქმნა „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“, რომელმაც იდეის ავტორებთან ერთად, თამარ ნადირაძის, ზურა მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძისა და ნატო ბაგრატიონის შემოქმედებითი ძალებიც გააერთიანა.

„არჩევანი „წიქარაზე“ შევაჩერეთ, რადგან აგებულებით ძალიან განსხვავდება სხვა ზღაპრებისგან. მთელი ზღაპარი დევნაა, მუზეუმში არსებული საგამოფენო სივრცე კი – რომელიც ვიწრო და გრძელი იყო – ზუსტად ერგებოდა დევნის იდეას,“ – გვიყვება ილუსტრატორი ხატია ჩიტორელიძე.


ხატია ჩიტორელიძე

© სერა ძნელაძე


„ამ პროექტის თანაავტორობა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან საშუალება მომეცა, სულ სხვა კუთხიდან დამენახა „წიქარაც“ და სხვა ქართული ზღაპრებიც, მითებიც და ლეგენდებიც. შემდეგ კი ისე გადმომეთარგმნა, რომ დღევანდელი დამთვალიერებლისთვის თანამედროვე, საინტერესო და, ამავდროულად, ახალი ყოფილიყო.“

გიორგი ჯინჭარაძე

© სერა ძნელაძე

თანაავტორს ეთანხმება გიო ჯინჭარაძეც, რომელსაც მიაჩნია, რომ ქართულ-ხალხურ ზღაპრებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს:

„ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ქართული ფოლკისა და ზღაპრების პოპულარიზაცია იყო, რადგან „წიქარას“ – მაგალითად, „წითელქუდასთან“ შედარებით – გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. არადა, ეს არის ზღაპარი, რომელიც ყველას უყვარს; ამბავი, რომელსაც ანალოგი არ აქვს...“

„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“

© გურამ კაპანაძე

ქართული ზღაპრები რომ საინტერესო საკვლევი საგანი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, ამას არტისტი მარიამ ნატროშვილიც ეთანხმება. მისი ტექსტის მიხედვით, რომელიც გამოფენის ნაწილია, ყველა ზღაპარი განტოლება და დიდხანს შენახული საიდუმლოა, რომელიც ყოველ ჯერზე ახლიდან ამოხსნას საჭიროებს:

„ზღაპარი, თავისთავად, ერთგვარი მუზეუმი, ენციკლოპედიაა, სადაც უძველესი შეხედულებები, რწმენები და შიშებია დაცული. ზღაპარი, როგორც ქვეცნობიერი, ქვეყნის შესახებ გაცილებით მეტს გვიყვება ვიდრე ტურისტული გზამკვლევები.

საქართველოში ზღაპრის მოყოლა ჯადოსნური ფორმულით იწყება. „იყო და არა იყო რა“ ორმაგ სინამდვილეს გვთავაზობს. მთხრობელი დასაწყისშივე ზღაპრის მთავარ გმირად გვაქცევს – გმირად, რომელმაც უნდა აირჩიოს, იყო თუ არა.“

გიო ჯინჭარაძე: „თითქოს, ყველამ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ მეტად ჩაღრმავება გადავწყვიტეთ და დავინტერესდით, რა კვლევები არსებობდა „წიქარასთან“ დაკავშირებით, რა ვერსიები ინახებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იმ თითქოს უმნიშვნელო დეტალებმა, რომლებიც მაშინდელ არქეოლოგიაზე, ეთნოგრაფიაზე, არქიტექტურაზე, ტრადიციებსა და რიტუალებზე აღმოვაჩინეთ, ძალიან საინტერესო დასკვნებამდე მიგვიყვანა და შთაგონება მოგვცა, რომ ჩვენი მიგნებები ვიზუალურად გამოგვეხატა.“

იყო თუ არ იყო? – სწორედ ამ შეკითხვაზე ეძებდნენ პასუხს ილუსტრატორები, რომლებიც შემოქმედებითი არქეოლოგიით თვეების განმავლობაში იყვნენ დაკავებულები და ბიბლიოთეკებსა თუ არქივებში, „წიქარას“ სხვადასხვა ვერსიასთან ერთად, მთავარი გმირის ნივთებსა და „ნარჩენებსაც“ ეძებდნენ. საგამოძიებო პროცესი იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ...

„რაც უფრო მეტად ვუღმავდებოდით ზღაპარს, მით უფრო მეტს ვიგებდით მასზე და მის ისტორიაზე, მით უფრო მისტიკური და ჯადოსნური ხდებოდა ყველა დეტალი. ახლაც მაქვს ის შეგრძნება, რომ კიდევ რაღაცები დამრჩა აღმოსაჩენი.“


- ხატია ჩიტორელიძე

ეკა ტაბლიაშვილი

© სერა ძნელაძე

ეკა ტაბლიაშვილი: „აღმოჩნდა რომ, ამ ზღაპარს საკმაოდ ღრმა საფუძვლები აქვს. უძველესი ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხარის კულტი. მწყემსობა კი უძველესი დროიდან ბავშვების თავდაპირველი საქმიანობა ყოფილა. რაც ყველაზე საინტერესოა, მცხეთაში, 1938 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს საფლავი, რომელსაც „პატარა მწყემსის საფლავი“ უწოდეს, რადგან მასში დასვენებულ მოზარდ ადამიანის ჩონჩხთან ერთად, აღმოჩინეს სალამურიც. ასეთმა ამბებმა სტიმული მოგვცა, რომ მუზეუმი მართალ ფაქტებზე დაგვეფუძნებინა და ზღაპრული მხარეც შეგვენარჩუნებინა."

„გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი აღმოაჩენს, რომ წიქარა მართლა არსებობდა...“


- ეკა ტაბლიაშვილი

იყო თუ არა იყო რა? – ამას დამთვალიერებელი თავად გადაწყვეტს, თუ 1-ელიდან 28 აპრილის ჩათვლით, 10:00-დან 20:00 საათამდე, მარჯანიშვილის 7-ში მივა და ზღაპრული და რეალური სამყაროს გზაგასაყართან დადგება. ილუსტრაციები, სამგანზომილებიანი ელემენტები, მაკეტები და ფოტომასალა – ეს ის „ნივთმტკიცებებია“, რომლებიც გამოფენის სტუმრებს ზღაპრულ საქართველოში ამოგზაურებს, საგონებელში ჩააგდებს და აფიქრებინებს, რომ წიქარას ისტორია სულაც არ არის გამოგონილი...

თათია ნადარეიშვილი

© სერა ძნელაძე

„ყველას ვურჩევ, გამოფენაზე მოსვლამდე „წიქარა“ კიდევ ერთხელ წაიკითხონ და გაიაზრონ. ეს დაეხმარებათ, რომ ჩვენს გამოგონილ და თან ნამდვილ სივრცეში, საინტერესო აღმოჩენები გააკეთონ და თითოეულ ნივთსა თუ მოვლენაში ამოიკითხონ ის, რაც ზღაპარს სულ სხვანაირად დაანახებთ“.


- თათია ნადარეიშვილი

თათია ნადარეიშვილი: მხოლოდ ილუსტრატორები კი არ ვიყავით, კურატორობაც გვიწევდა, ინფორმაციის მოძიებაც, წერაც და მენეჯმენტიც. საჭირო იყო ყველაფრის თავმოყრა და დახარისხება, შემდეგ კი – ფორმის მოძებნა. ქართული კულტურა მხოლოდ ილუსტრაციებით კი არა, ფოტოებით, ლანდშაფტებით, ხალხური საკრავებითა და სხვა ფორმებით უნდა წარმოგვეჩინა. მოკლედ, გრძელი და საინტერესო პროცესი იყო. განსაკუთრებულად მახსოვს ის მომენტი, როცა გერმანიაში გამოფენა გაიხსნა და დამთვალიერებლების გულწრფელი რეაქციებით მივხვდით, რომ ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, გამოგვივიდა.“

„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“

© გურამ კაპანაძე

შეგახსენებთ, რომ პროექტზე „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ სტუდია „ილუსტრატორი“ და „კონტაქტი“ მუშაობდნენ. ის 2018 წელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, თიბისის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შტრუველპეტერის მუზეუმის მიერ მომზადდა. ახლა კი გამოფენა თიბისისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ტარდება.


ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი / At.ge