თაობა

პოდკასტები, რომლებსაც სახლში ყოფნისას უნდა მოუსმინო

ავტორი: ნიკო ნერგაძე

კინო და სერიალები კარგია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - ყურადღებას მოითხოვს. ხანდახან (ხანდახან კი არა, ხშირად), როდესაც სახლში ხარ გამოკეტილი, გინდა, რომ თან რამე იყოს ჩართული - ხმა გესმოდეს - და თან მუდმივად ყურადღებას არ ითხოვდეს.


ადრე ამისთვის რადიო იყო. დღეს კი უმეტესობას ქართული რადიო ალბათ არ გვაკმაყოფილებს. საბედნიეროდ, გადასარევი შემცვლელი გვაქვს - პოდკასტები.


თუ პოდკასტების მოსმენა ჯერ არ დაგიწყია, ბევრს კარგავ. ჯერ ერთი, თუ რამე გაინტერესებს - კინო, მუსიკა, ფილოსოფია, ლიტერატურა, გამოძიება - ყველაფერზე უამრავი პოდკასტია. რა გინდა სულო და გულო. ყველაფრისა არსებობს.

აი, ვთქვათ Westworld-ის ახალი სერია ნახე და გინდა ვინმეს შთაბეჭდილებები გაუზიარო და სხვების აზრი მოისმინო. იცი, რამდენი პოდკასტია მარტო მაგ სერიალზე? უთვალავი! ამ სტატიაში, მაგალითად 10 საუკეთესოა ჩამოთვლილი. ისე კი კარგა ათი მაგდენი ან მეტიც იქნება.


თან, პოდკასტების მოსმენას ფულის დახარჯვა და ტექნოლოგიების განსაკუთრებული ცოდნა არ ჭირდება. თუ სმარტფონი გაქვს, მას უკვე მოყვება აპი - აიფონზე Apple Podcasts, ანდროიდზე Google Play Music. მე Pocket Casts-ს ვიყენებ (თავის დროზე ფულიც კი გადავიხადე, ახლა სულაც უფასოა).

ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ქართულად ბევრი პოდკასტი არა გვაქვს. რამდენიმე არის, მაგრამ მაინცდამაინც ასარჩევად საქმე არა გვაქვს (ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიო თავისუფლებას ეკუთვნის და მე ვაკეთებ. რჩევებში არ ჩავწერ, მაგრამ მაინც - „ნიკოს პოდკასტი“ ქვია - რამდენიმე წელია გადის და რამდენიმე ეპიზოდი საკაიფოც კია).

მოკლედ, კარგი პოდკასტები თუ გინდა, რამე უცხო ენა უნდა იცოდე. მე უფრო ინგლისურენოვანები ვიცი, მაგრამ ვეცდები სხვა ენებზეც გირჩიოთ რამე. თან, ვცადე ყველაზე ცნობილები არ შემერჩია - ყველა პოპულარულია, მაგრამ არც ისეთები, ძებნისას პირველივეს რომ გაჩვენებს. ასევე, რაც თავად მომისმენია, ძირითადად მხოლოდ ისეთებს გირჩევთ, ორი გამონაკლისის გარდა, რომლებზეც ქვემოთ მოგახსენებთ


ხელოვნება, ისტორია...


მე ძირითადად ისტორიაზე პოდკასტებს ვუსმენ ხოლმე. ვისაც „ლაითად“ გაინტერესებთ - Our Fake History ჩაწერეთ. ავტორი ისტორიულ მითებს იღებს ხოლმე და ცდილობს დაადგინოს რა არის მართალი და რა ტყუილი. გასართობია, საინტერესო და ყველაფერი კარგად აქვს შესწავლილი. ისე კი, ჩემი აზრით საუკეთესო ამ სფეროში Revolutions გახლავთ - ავტორი სხვადასხვა რევოლუციებს განიხილავს ძალიან სიღრმისეულად. რამდენად სიღრმისეულად? ახლა რუსეთის რევოლუციაზე ვართ და ლენინი მხოლოდ მეოცე ეპიზოდში გამოჩნდა.

თუ ზღაპრები გაინტერესებთ (რომელი როდის შეიქმნა, მანამდე როგორი იყო, მერე როგორი გახდა...) Singing Bones სცადეთ. მართალია, კარგა 2 წელია აღარ განახლებულა, მაგრამ რამდენიმე საათის მასალა დევს და, ჩემი აზრით, თავიდან ბოლომდე მოსასმენია.

თუ რუსული სხვა ენებზე უკეთესად იცი, Arzamas მოძებნე. რამდენიმე პოდკასტი აქვთ ამ თემებზე. მცოდნე ხალხის შეფასებით - ერთმანეთზე უკეთესი. თავად არ მომისმენია, მაგრამ შეფასებებს ვენდობი. 


კინო


სიღრმისეული ანალიზისთვის (ჰოლივუდისაც და უფრო ინდი ფილმებისაც) Thecinephiliacs-ს ბევრი ვერ შეედრება. ასზე მეტი ეპიზოდი აქვთ, თითოეული საათზე მეტის ხანგრძლივობისაა და, რაც მომისმენია საინტერესო და ინფორმაციულია.

How Did This Get Made? სამი წამყვანი ყველაზე ცუდ და სახალისო ფილმებს უყურებენ და მერე მაგას განიხილავენ. ხანდახან საოცრად სასაცილოა.


ყველაზე აქტუალური - კორონავირუსი


ახალი კორონავირუსის ეპიდემიაზე ასობით პოდკასტი გაჩნდა და უმეტესობა არც სანდოა და არც საინტერესო. ყველაზე კარგად მიიჩნევა CNN-ის პოდკასტი ექსპერტ სანჯაი გუფთასთან ერთად. მოკლეა, სხარტი და სანდო.

გერმანულად ძალიან კარგად ითვლება NDR Info-ს პოდკასტები. ენა ისე კარგად არ ვიცი, რო თავად მომესმინა, მაგრამ რამდენჯერმე მაგ თემაზე წერისას ამ პოდკასტის მიერ ჩატარებული ინტერვიუების თარგმანს დავეყრდენი.


დანარჩენი კომენტარებში თქვენ გვირჩიეთ. მაინცდამაინც ყველაზე ცნობილები არ გინდათ - მარკ მარონს, ჯო როგანს და დენ კარლინს ნუ მიასკდებით, რამე ისეთი დაგვიწერეთ, ბევრმა რომ არ იცოდეს.