December 10, 2025
„ადამიანის უფლებები ჩვენი ყოველდღიური აუცილებლობაა“ – ეს არის 2025 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის მთავარი მოწოდება.
ყოველი წლის 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების თარიღს აღნიშნავს.
ამ დღის მიზანია, შეგვახსენოს, რომ ადამიანის უფლებები მხოლოდ სამართლებრივი პრინციპები და იურიდიული ტერმინები არაა. ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში - ქცევებში, გარემოში, ურთიერთობებსა და არჩევანში გამოიხატება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო. დოკუმენტის უნიკალურობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ დეკლარაცია 577 ენაზეა თარგმნილი. საქართველო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 1991 წლის 15 სექტემბრიდან შეუერთდა. აღნიშნული დოკუმენტი ადგენს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც ყველასთვის უნდა იყოს დაცული.
დეკლარაცია 30 ძირითადი მუხლისგან შედგება, მათი რაოდენობა წლების განმავლობაში არ შეცვლილა, თუმცა გაფართოვდა ჩანაწერების შინაარსი და აღქმა. დროის და გარემო პირობების ცვლასთან ერთად, აუცილებელი ხდება საკანონმდებლო დოკუმენტების გადახედვა, რათა მათი შინაარსი თანამედროვე ადამიანის საჭიროებების შესაბამისი იყოს.
ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2022 წლის 28 ივლისს მიღებული რეზოლუცია, რომელიც სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოს ოფიციალურად აღიარებს ადამიანის უფლებად. ცვლილებას გაეროს 161-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც ამტკიცებს, რომ გარემოსდაცვითი საკითხები მთელი მსოფლიოსთვის თანაბარი მნიშვნელობის გამოწვევაა.
ასევე, 2023 წლის 19 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელად - „ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა ციფრული ტექნოლოგიების კონტექსტში“. დოკუმენტით ოფიციალურად განისაზღვრა, რომ ყველა ძირითადი უფლება, რომლებსაც ადამიანები ფიზიკურ სამყაროში ვფლობთ, დაცული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინტერნეტში, ციფრულ არხებსა და ყველა ტექნოლოგიურ გარემოში.
თიბისელებისთვის ადამიანის უფლებათა პრინციპები პრიორიტეტულია, რადგან ჩვენ გვაქვს თიბისი ჯგუფის ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა, რომელიც შექმნილია საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების მიხედვით. ის ეფუძნება მტკიცე ღირებულებებს, რომლითაც ადამიანის უფლებები გათვალისწინებულია კომპანიის ყოველდღიურ ქმედებებსა და ოპერაციებში. პოლიტიკა იცავს თიბისის თანამშრომლებს, მომხმარებლებს, მომწოდებლებს, პარტნიორებსა და ყველა დაკავშირებულ მხარეს, ვისთანაც ვთანამშრომლობთ.
გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და გვჯერა, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანის უფლებების პრინციპების ერთგულებას გააგრძელებთ.