November 22, 2023
ინტერნეტში უამრავი საინტერესო ინფორმაციის პოვნა, ახალი თამაშების აღმოჩენა ან მეგობრების შეძენა ნებისმიერ დროს შეგიძლია. მაგრამ, რეალური სამყაროს მსგავსად, აქაც გჭირდება სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე თანხას ეხება. ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად გესმოდეს კიბერუსაფრთხოების საბაზისო საკითხები და იცოდე, როგორ შეგიძლია დაიცვა შენი ანგარიშები. ამ ბლოგში ფინანსური უსაფრთხოების საკითხებზე მოგიყვებით და hi app-ის დასაცავად რამდენიმე რჩევასაც გაგიზიარებთ.
პირველ რიგში გეტყვით, რა არის ფინანსური კიბერუსაფრთხოება - მარტივად რომ წარმოიდგინო, ეს შენივე ცოდნაა, რომელიც შენს ფულსა და პერსონალურ ინფორმაციას ციფრულ სამყაროში დაიცავს. სხვაგვარად, ეს ერთგვარი ფარია, რომელიც თაღლითებს არ აძლევს საშუალებას, შენს ანგარიშებზე წვდომა მოიპოვონ. ამისთვის კი რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინო.
მოიფიქრე ძლიერი პაროლები
ჩათვალე, ეს შენი ონლაინ სეიფის გასაღებია. რაც უფრო რთულია პაროლი, მით ნაკლებია შენი ანგარიშების გატეხვის რისკი. ძლიერი პაროლი კი დიდი და პატარა ასოების, რიცხვებისა და სპეციალური სიმბოლოების კომბინაციით იქმნება. რაც მთავარია, უნდა მოერიდო პაროლებში საკუთარი სახელის, დაბადების თარიღის ან ციფრების მარტივი თანმიმდევრობის (12345678) გამოყენებას.
ფრთხილად იყავი თაღლითებთან
ფინანსური თაღლითობის ონლაინ ფორმებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ფიშინგი. კარგად შენიღბული თაღლითები ფსიქოლოგიური ზეწოლით ახერხებენ “სატყუარაზე” პოტენციური მსხვერპლის წამოგებას და თანხის მითვისებას - გზავნიან ცნობილ ვებსაიტებთან მიმსგავსებულ ბმულებს, “სასწრაფოდ“ ითხოვენ ბმულზე გადასვლას, პაროლის განახლებას, საბანკო მონაცემების შეყვანას, ან გპირდებიან რაღაც საჩუქარს, გილოცავენ პრიზის მოგებას და სხვა. ეს ყველაფერი, უმეტესად, ტყუილია, ამიტომ მსგავსი მესიჯები ყოველთვის უნდა გადაამოწმო, ბმულებზე არ გადახვიდე და არ შეიყვანო საბანკო მონაცემები მაშინაც კი, როცა ყველაფერი ნამდვილს ჰგავს.
განაახლე მოწყობილობები
მოწყობილობებს ხშირად სჭირდება განახლება, რათა უკეთესად დაგიცვას კიბერშეტევებისგან. ამიტომ უმჯობესია, თუ სისტემურ განახლებებს დროულად გააკეთებ.
გამოიყენე სანდო ვებგვერდები
ონლაინ შოპინგისას დარწმუნდი, რომ ისეთ საიტზე ხარ, რომელსაც ენდობი. დააკვირდი ბოქლომის სიმბოლოს ვებგვერდის მისამართის წინ, ასევე პრეფიქსს "https://" და თავად ვებგვერდის სახელს, რადგან ხშირად თაღლითური საიტების დასახელებებში შეცდომებს უშვებენ.
გამოიყენე “მშობლის კონტროლის” ფუნქციები
თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს უსაფრთხოდ აკეთებ, დაიხმარე მშობელი. მათ შენი მოწყობილობების მეთვალყურეობა შეუძლიათ, რითაც შესაძლო გართულებებს თავიდან აირიდებ. ასევე hi app-ში მშობლებს შენთან შეთანხმებით შეუძლიათ გადახდის დღიური ლიმიტი დააწესონ, აკონტროლონ ტრანზაქციები და ამით შენი ფინანსური უსაფრთხოება დაიცვან.
არ გააზიარო ზედმეტი პირადი ინფორმაცია
შენი პერსონალური ინფორმაცია, როგორებიცაა სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, მხოლოდ იმ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვისაც ენდობი, ასე რომ, არ გააზიარო ონლაინ საჯაროდ ასეთი ინფორმაცია და იზრუნე შენს უსაფრთხოებაზე.
და ბოლოს, შესაძლოა ფინანსური უსაფრთხოება რთულ საკითხად გეჩვენებოდეს, მაგრამ აუცილებელია, მუდმივად ეძებო სწორი ინფორმაცია თანხის სწორად განკარგვისა და დაცვისთვის. ამაში hi app-იც დაგეხმარება, რომლის გადმოწერა App Store ან Play Store-დან შეგიძლია.
გადმოწერე hi app