აგვისტო 06, 2024
ზაფხული საუკეთესო დრო საკითხავად ჩემთვის ერთი მიზეზითაა - მთელი წლის დაგროვილ წიგნებს ფიზიკურ და ელექტრონულ თაროზე თვალს გადავავლებ ხოლმე და ისეთებს ამოვარჩევ, რომელიც ყველაზე ძალიან მინდა რომ წავიკითხო, დიდხანს მქონდა გადადებული, ან განწყობით იმ წამს ჩემთან ყველაზე ახლოსაა. ამ ბლოგში იმ ტექსტებს გიზიარებთ, რომლებმაც ბოლო დროს ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და თქვენთვისაც შეიძლება ზაფხულის საკითხავად იქცეს:
დაგლას სტიუარტი - შაგი ბეინი
"შაგი ბეინი" შოტლანდიელი ავტორის სადებიუტო რომანია. ის გვიყვება ამბავს 1980-იან წლებში გლაზგოში მცხოვრები ბიჭის და მისი ოჯახის, უმეტესად დედის შესახებ, რომელიც ალკოჰოლზეა დამოკიდებული. მიუხედავად მათი ყოველდღიური, რთული და დაპირისპირებებით სავსე რუტინისა, შაგი დედას არ და ვერ ტოვებს. ეს არამხოლოდ დედა-შვილობის და მისი თანმდევი უპირობო სიყვარულის ამბავია, არამედ იმისაც, თუ როგორ შეიძლება დიდი ტრავმების განცდის მიუხედავად, ლაღ და კეთილშობილ ადამიანად დარჩე და ყველა წინაღობა, რომელიც ბავშვობაში და გარდატეხის ასაკში შეგხვდა, შენი თავის გასაძლიერებლად გამოიყენო. ეს ვრცელი და თითქოს ერთფეროვანი ტექსტი ადამიანური ბუნების ღრმა კუნჭულებში გვამოგზაურებს და მის ფინალში მიუხედავად დამზაფვრელად სევდიანი ამბების აღწერისა, ისევე როგორც ყველა კარგი წიგნი, უკეთესი მომავლის იმედს გვისახავს.
წიგნი შეგიძლიათ წაიკითხოთ საბაზე: https://saba.com.ge/books/details/17858
ელიზაბეტ სტრაუტი - ოჰ, უილიამ!
ეს ერთი შეხედვით მარტივი პროზაა, ამბავი იმისა თუ როგორ შეიძლება შენი ქმარი შენი საუკეთესო მეგობარი იყოს, მას შემდეგაც რაც ერთმანეთს დაშორდებით. თუ სიყვარული დიდი მეგობრობაა, ეს არის ამბავი მრავალწლიან მეგობრობაზე, რომელსაც ვერცერთი წინაღობა ვერაფერს აკლებს, ვინაიდან ორ ადამიანს ერთმანეთის მაშინაც კი ესმის, როცა არც კი ლაპარაკობენ. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი, ყოველდღიური ამბები, ასევე დაწერილი, დიდი ლიტერატურა ვერაფრით იქნება, თუმცა ”პულიცერის“ გამარჯვებული ავტორის დიდოსტატობა სწორედ მის სისადავეშია. ის არ ეპრანჭება მკითხველს, არ კმაზავს სათქმელს ზედმეტად და არ კეკლუცობს საკუთარი მიგნებებით, პირიქით ის აკვირდება ცხოვრებას ისეთს, როგორიც ის სადაგ დღეებშია - ხშირად მოსაწყენს, დროდადრო მოულოდნელობებით სავსეს, სევდიანს. ის ამ დაკვირვებაში არასდროს კარგავს მთავარს - ცნობისმოყვარეობას - შეიცნოს ადამიანი, მისი ბუნება და ურთიერთობა მეორე ადამიანთან, როგორც მთელ სამყაროსთან.
წიგნი შეგიძლიათ წაიკითხოთ https://saba.com.ge/books/details/17755
რატი ამაღლობელი - წელიწადის დროები
რატი ამაღლობლის ჯერ-ჯერობით უკანასკნელი კრებული ”წელიწადის დროები“ მისი ბოლო წლების ლექსებს აერთიანებს. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მისი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კრებულია, რომელიც ქართულ ენაზე ამ საუკუნეში გამოიცა. ავტორი მკითხველს განწყობების, შეგრძნებების და ფიქრების უჩვეულო სინთეზს, არათანმიმდევრულ რიტმს და მოულოდნელ გადახვევებს სთავაზობს. რომელ გვერდზეც არ უნდა გადაშალოთ ეს გამოცემა, ყველგან დაგხვდებათ რაღაც ახალი, უცხო, იდუმალი, თუმცა იმავდროულად ნაცნობი, მშობლიური. ამ წიგნის კითხვა მთელი წლის განმავლობაში დიდი სიამოვნებაა, თუმცა გირჩევთ მისი გაცნობა ახლა, ზაფხულის ეპიზოდიდან დაიწყოთ და შემდეგ კალენდარულად, ყოველდღიურად გაჰყვეთ.
გამოცემას თან ახლავს QR კოდი, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც რამდენიმე ლექსს თავად ავტორი წაგიკითხავთ. ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ჯონ აპდაიკი - ბრაზილია
ჯონ აპდაიკის ”ბრაზილია“ არის ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული რომანი, რაც წამიკითხავს. ეს დიდი და თავდადებული სიყვარულის ამბავია, რომელიც ისევე მოულოდნელად ვითარდება, როგორიც ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მოგზაურობაა. ეს თანამედროვე ტრისტანის და იზოლდას ამბავია, რასაც წიგნის დასაწყისშივე პერსონაჟების სახელები ტრისტაო და იზაბელი გვამცნობს. კოპაკაბანას პლაჟზე წამებში დაწყებული რომანი წყვილისთვის მარადიული სიყვარულის ამბად იქცევა, რომელსაც ხელს უშლის ყველაფერი: მათი წარმომავლობა, სოციალური სტატუსი, კანის ფერი, რწმენა-წარმოდგენები, თუმცა აერთიანებს მთავარი - ბედისწერა, რომელსაც მათი სამუდამოდ ერთად ყოფნა უკვე გადაწყვეტილი აქვს.
შეგიძლიათ წაიკითხოთ საბაზე: https://saba.com.ge/books/details/3697
ნინო ლომაძე - ვაშლის ბაღები
”ვაშლის ბაღები“ 2008 წლის აგვისტოს ომის ჩანაწერებია. წიგნი აერთიანებს პირველ პირში იმ ადამიანების მიერ მოთხრობილ ამბებს, რომლებიც ამ ომს გადაურჩნენ. ამ წიგნის კითხვა ადვილი არ არის, მასში ყველაზე რთული შეუნიღბავად, ზედმეტი ეპიტეთების მიერ მოთხრობილი ომის საშინელებაა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება და რომელიც ტრავმად ექცა არაერთ თაობას. მართალია ომი დასრულდა, თუმცა მის შედეგებზე ფიქრი, ახალი რეალობის ანალიზი და ამ წიგნის წაკითხვით ადამიანებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა, ერთგვარი სოლიდარობის აქტია. ხშირად ომზე საუბრისას გვიტაცებს ფაქტები, სტატისტიკა და არ გვრჩება დრო ადამიანებზე, მათ განცდებზე საფიქრალად, ამ წიგნში ყველაფერი პირიქითაა და მისი წაკითხვის შემდეგ ვერასდროს დაივიწყებთ მათ, ვინც ყველაფერი დაკარგა და ახლა სიცოცხლის თავიდან სწავლას ცდილობს. და ეს გამოცდის კიდეც.
შეგიძლიათ წაიკითხოთ საბაზე: https://saba.com.ge/books/details/16166
და თუ თქვენ სხვადასხვა დროს თვალი მოგიკრავთ ამ წიგნებისთვის და ჯერ წასაკითხად არ მოგიცლიათ, გირჩევთ აგვისტოს ცხელი დღეები მათ დაუთმოთ, თქვენს თვალწინ სულ სხვადასხვა, თუმცა ერთნაირად მომნუსხველი სამყარო გადაიშლება.
დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ!
ავტორი: მაშო სამადაშვილი