სიახლეები ლიტერატურა

წლის საუკეთესო კრიტიკა - "საშიში ინტერპრეტაციები"

„საბა“

იანვარი 20, 2025

2024 წლის ლიტერატურული პრემია საბას კრიტიკის ნომინაციის გამარჯვებული წიგნი ლიტერატორისა და პუბლიცისტის, ნონა კუპრეიშვილის „საშიში ინტერპრეტაციები“ გახდა.

„საშიში ინტერპრეტაციების“ ხედვის სპექტრი მოიცავს მეცხრამეტე, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ლიტერატურული ტექსტებისა და ლიტერატურული ეპოქის გააზრებას, კრიტიკასა და შეფასებას.

წარსულის ტრავმის გადამუშავების პროცესში ლიტერატურა საუკეთესო დამხმარეა, სწორედ ეს არის ნონა კუპრეიშვილის წიგნის მთავარი ხაზი. ლიტერატურის საშუალებით გავიგოთ ქვეყნის ბიოგრაფია, მართლა, სიღრმისეულად გავიგოთ და არა ისე, როგორც ვიკიპედიის ფრაგმენტული ტექსტები გვამცნობს. გავიგოთ და დავსვათ მთავარი კითხვები: „რატომ ვივიწყებთ იმას, რაც უნდა გვახსოვდეს და პირიქით, ვერ ველევით იმას, რაც გვკლავს და გვინელებს? რატომ ვიკეტებით უკვე მომხდარ წარმოსახულში და „არ ვეძებთ სიცოცხლესთან ახალ კავშირებს?“. იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარ თავს დავიწყების ტრანსში ჩავარდნის უფლებას ვაძლევთ?“


მიუხედავად კრებულში გაერთიანებული ლიტერატურული ტექსტების თემატური მრავალფეროვნებისა, ყველას ერთი აზრობრივი, კონცეპტუალური ღერძი განსაზღვრავს- კულტურული ტრავმის გააზრება და გადააზრება.


კულტურულ ტრავმაზე ყველას მეტ-ნაკლები წარმოდგენა გვაქვს, რადგან ტოტალიტარიზმის ნანგრევებს თავი ჩვენც დიდი გაჭირვებით დავაღწიეთ, გავიარეთ (თუ ბოლომდე ჯერ ვერ გავიარეთ) მანძილი ცხოვრებასა და ანტიცხოვრებას შორის. თუმცა თვით ეს ცოდნა ემოციური უფროა, ვიდრე გონებრივ-ინტელექტუალური (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით). ბუნებრივია, იგი სხვა კონსისტენციისაა, ვიდრე ამ მიმართულებით მომუშავე ცნობილი მეცნიერების – კეტი კარუტის, დომინიკ ლაკაპრას, პეტრე შტომპკას, იმავე ალექსანდრე ეტკინდის, ბორის გროისისა თუ ილია კუკულინის, ქართველი მკვლევრების – ბელა წიფურიას, მანანა კვაჭანტირაძის და სხვათა დეტერმინაციები. მაგრამ საქმე აქ არა იმდენად აზროვნების მასშტაბშია, რამდენადაც რეფლექსირების ჩვევაში, საკუთარი ცნობიერების განჩხრეკის, საკუთარ თავზე უშეღავათო მუშაობის სისტემატურობაში, რაც კულტურული ტრავმის, მასთან ერთად კი წარსულის გადარჩევის, მეხსიერების დალაგების უპირველესი პირობაა, რითაც ასე განსხვავდება ერთმანეთისგან თავისუფლებისკენ მიდრეკილი და თავისუფლებით დამფრთხალი სული.

როგორი საზოგადოება ვართ დღეს? „თავისუფლებისკენ მიდრეკილი“ თუ „თავისუფლებით დამფრთხალი“? 

ეს კითხვა საქართველოს ოცდაათწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა. ლიტერატურა თავისუფლების სწავლების, თავისუფლებისადმი შიშის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა და იქნებ თანამედროვე ქართული ლიტერატურული კრიტიკის მთავარი მოვალეობა ამ თავისუფლების, როგორც ცხოვრებისა და აზროვნების წესის სწავლებაა?


 „არსებობს ასეთი, საკმაოდ გაცვეთილი სინტაგმა – ლიტერატურა და ცხოვრება. არცთუ ისე შორეულ წარსულში მას უსინდისოდ იყენებდნენ ხელმოცარული მოკალმენი და მათი მფარველი ათასი ჯურის დემაგოგები. სინამდვილეში ნიჭიერებით აღბეჭდილი ნაწერი გაიძულებს ამ მოცემულობის კორექტირებას და საქმეს იმგვარად წარმოაჩენს, რომ ლიტერატურა ყოველგვარი პარალელიზმის კანონების საპირისპიროდ, თვითონაა ცხოვრების ნაწილი, მეტიც, ცხოვრება მწერლის მიერ აღიქმება, როგორც ტექსტი.“

ზაირა არსენიშვილის, საფო მგელაძის, პაატა ცანკაშვილის, ნინო ხარატიშვილის, ნოდარ წულეისკირის, თამთა მელაშვილის, ნიკო სამადაშვილის, აკაკი ბაქრაძის, ბექა ქურხულის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ვიქტორ ეროფეევის და კიდევ სხვა ავტორთა ტექსტების ავტორისეული რეცეფცია ლიტერატურის, როგორც ცხოვრების ნაწილის თუ თავად ცხოვრების ამოკითხვასა და გააზრებაში გვეხმარება.

კრებულში წარმოდგენილი ლიტერატურული ტექსტების საშუალებით საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქას სხვადასხვა პრიზმით ვკითხულობთ, ზაირა არსენიშვილი რეპრესიების და კომუნისტ-ბოლშევიკთა „უმძიმესი საქმეების“ ამბების მოყოლას მუსიკის, როგორც ამ ყველაფრის ფარული მოწმის საშუალებით ახერხებს, ნონა კუპრეიშვილი ზაირა არსენიშვილის, როგორც მწერლისა და ჰუმანისტის ერთ უმთავრეს თვისებას აღნიშნავს:


„ამიტომაც, ზაირა არსენიშვილი ვერ და არ წყვეტს ასე მარტივად რომანში დასმულ მსხვერპლისა და ჯალათის ერთ საარსებო სივრცეში თანამყოფობის უძველეს პრობლემას. მართალია, იგი ამხელს, მაგრამ არ განსჯის. ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ აძლევს. მას უფრო მნიშვნელოვნად კაცთმოძულეობის ბუნების განჩხრეკა ესახება, რაშიც ორკესტრის კიდევ ერთი გამორჩეული წევრი, მაკედონი მონაწილეობს: „პარტიულ, ეთნიკურ, ნაციონალურ სიძულვილს – ყველაზე უფრო დაუნდობელ სასტიკ სიძულვილს ერთი ძირი აქვს... ის უხსოვარი დროიდან დააბიჯებს დედამიწაზე და იბუდებს ადამიანთა გულებში, როგორც ჭია ნაყოფის გულში, ხრავს, გამოჭამს და გამოფუღრავს და ხდება პიროვნების გაძარცვა და დაბეჩავება...“.

ეპოქის სხვაგვარი გააზრების საშუალებას იძლევა გურამ რჩეულიშვილის, როგორც მწერლისა და პიროვნების შესახებ საუბარი: „მართლაც, გურამი არაფრით ჰგავდა ლიტერატურას მიტმასნილ, უკაცრავად არ ვიყო, ვირთხებს, რომლებიც ინკვიზიტორების მსგავსად, კონფიდენციალურად იკრიბებოდნენ მწერალთა კავშირში 30-იან წლებში დაარსებული პარტორგანიზაციის კრებებზე და „საუკეთესო“ ჩეკისტური ტრადიციების დაცვით, პრიმიტიულად და ღვარძლიანად განიკითხავდნენ მწერალსა და მწერლობას“ - ამბობს კრიტიკოსი და ერთი წინადადებით გვიცოცხლებს ასეთი ჩეკისტური ტრადიციების ერთგულ 30-იანი წლების მწერალთა კავშირს. 

ეპოქის ჭვრეტის საინტერესო საშუალებაა მხატვრული საშუალებები, უფრო სწორად, „მხატვრული გაბუნდოვანება“. ამ ტერმინს კრიტიკოსი ლადო სულაბერიძის პოეზიაზე საუბრისას იყენებს:


„წარსული, ცხადია, მას ასე ადვილად არ მოსცილდებოდა და ვერც თვითონ შეძლებდა მის დავიწყებას, თუმცა ჯერ კიდევ მყარი საბჭოური ცენზურის პირობებში, იძულებულია მხატვრული გაბუნდოვანების ხერხს მიმართოს. მაგ., ერთ ციკლში, სახელწოდებით „ჩრდილოეთის ციალი“, რომელიც სხვადასხვა გამოცემას თუ გადავხედავთ, ლექსების განსხვავებული შემადგენლობითაცაა წარმოდგენილი და ძირითადად გადასახლების დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს ასახავს, ერთგან მინიბალადას „ყვითელი მინდორი“, ასეთ წარწერას წარუმძღვარებს: „1942 წელი ტყვეთა ბანაკი. სიზმარი“. 1942 წელს დაჭრილი ლადო სულაბერიძე ქერჩთან მართლაც ტყვედ ჩავარდა და დასავლეთ უკრაინის ქალაქ ვლადიმირო-ვოლინსკისთან განლაგებულ ტყვეთა ბანაკში ამოყო თავი, თუმცა ჩრდილოეთის მომაკვდინებელი „ციალი“ მან არა ამ დროს, არამედ ომის შემდეგ, სწორედ 1948-1956 წლებში იხილა, როდესაც გაუგეს გერმანელთა ქართულ ლეგიონში გაწევრიანების ამბავი და „შორეულში“ გადაასახლეს.“

„საშიში ინტერპრეტაციები“ ლიტერატურული ჭვრეტისა და ლიტერატურული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების და ამავე დროს ეპოქის რეტროსპექტიული ჭვრეტის საშუალებას გვაძლევს და საინტერესოსთან ერთად, აუცილებელ საკითხავადაც იქცევა.


როგორია „გაჩერებული დრო“, „კორუმპირებული ენა“, „დისიდენტური ლიტერატურა“, „მკვლელი ტექსტები“, ლიტერატურის ეკოლოგიის შენარჩუნების მცდელობა და, რაც მთავარია, „წერა სიცოცხლის ფასად“-მკითხველი ნონა კუპრეიშვილის არცთუ საშიში „საშიში ინტერპრეტაციების“ საშუალებით გაიგებს.




ავტორი: "საბა"