ლიტერატურა კულტურა სიახლეები

მარი ბექაური - ორ ზღვას შუა

„საბა“

მარტი 18, 2025

ორ ზღვას შუა არის ერთი პატარა ქვეყანა, სადაც, რაც არ უნდა ტრაგიკული ამბები ხდებოდეს, ადამიანებს შეუძლიათ იცინონ ყველაფერზე. მარი ბექაური თავისი მოთხრობების შესანიშნავ კრებულში „ორ ზღვას შუა“, ამ ყველაფერზე სიცილის და, თუ თანამედროვე ქართულ სამეტყველო ენას გავიხსენებთ, ღლიცინის უნარს ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი ტაშფანდურობით აღწერს.

დიახ, ჩვენ, ყველანი, ამ ქვეყნის მცხოვრებნი, ჭეშმარიტი ტაშფანდურები ვართ.

ამ წიგნის პერსონაჟები, რომლებიც, სინამდვილეში პატარა ქვეყნის ყველა მცხოვრებნი ანუ ჩვენ ვართ, ამავე დროს, ძალიან სევდიანები, ზოგჯერ უბედურები, მიამიტები და გულუბრყვილოები არიან.  ამ 14 მოთხრობის ძალიან ნაცნობ სივრცეში, სადაც კონკრეტულ ადამიანებსაც კი ამოიცნობთ, სწორედ ეს, ერთდროულად ტრაგიკული და თან ძალიან სასაცილო ამბები ხდება.


ანტონიო გარუჩავამ სამი მთავარი საიდუმლო იცის, რომ ყველაფერი კარგი ღვთის ნებაა, ყველაფერი ცუდი-სხვისი და, რაც მთავარია, ერთი და მეორეც მალე გაივლის. ღვთის ნებას ისე ემორჩილება, რომ, კარგზე რა მოგახსენოთ, მაგრამ სტუმარს, საიქიოდან რომ სწვევია და აბეზარი მეზობელივით ხელფასზე 20 ლარს სთხოვს, შიშით, მაგრამ ეჭვის გარეშე იღებს. ამბის კომიკურობა იქამდე მიდის, რომ საიქიოდან წვეული პლანის გაზიარებასაც სთხოვს, სინამდვილეში, ხომ მხოლოდ ჩვენ, მკითხველებმა ვიცით, რომ ეს საიქიოს სტუმარი მეზობლის აბეზარი ბავშვია? იცოდე პერსონაჟზე მეტი- მკითხველის მთავარი უპირატესობაც ესაა.


მარინა ბეგთაბეგიშვილის დიდ ამბოხს წამოიწყებს ოჯახისა და რუტინის წინააღმდეგ, სინამდვილეში, ეს ყველაზე რომანტიკული ამბოხია სიყვარულის მოსაპოვებლად. გივის წინაშე ყველა კარი ერთი სიტყვით: „აბრაკადაბრა“ იხსნება, გივი იმდენხანსაა ყოვლისშემძლე, სანამ სენსორული კარის არსებობის საიდუმლოს არ ჩასწვდება.


ნანული შენგელიძეს ქმრის სიყვარულში, არც მეტი და არც ნაკლები, ინდაური ეცილება, ხოლო ნაკო შეყვარებულთან დაშორებას მხოლოდ იმიტომ აპირებს, რომ სთორიში მასზე დიდი თავი უჩანს. ქუთაისური ძარცვის ამბის ყველაზე კომიკური ვერსიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ აქ ვერავინ, თვით ყველაზე სერიოზული ემზარიც კი, ვერ გადაურჩება ტაშფანდურობას.

ამ ამბებს მიღმა პროფესიონალი მწერლის მოხერხებული, ლაკონიური, მოსხლეტილი ენა, დეტალების კინომატოგრაფიულად აღწერა, სრულიად წარმოუდგენელი სცენები და დიალოგები, ენობრივი და ლიტერატურული თამაშებია.

აქ ფრაზეოლოგიზმები ამბად იქცევა, ვიღაცას სიკვდილის ბუზი დააჯდება, ვიღაც გაწიწმატდება, ერთი და იგივე პერსონაჟი, ნამდვილი პოსტმოდერნის წესისამებრ, რამდენიმე მოთხრობაში აღმოჩნდება, ერთი და იმავე ამბის სხვადასხვაგვარად მოყოლის აკუტაგავასეული კონცეფციაც უსიერ ტყეში ვერ, მაგრამ სევდიან წყნეთის აღმართზე შეგიტყუებთ და ამბის მთავარი მეტაფორა, არც მეტი და არც ნაკლები-სადღაც გაუჩინარებული განავალი აღმოჩნდება.


14 ამბისგან შედგენილ ამ კრებულს, თან ერთიან ტექსტად, რომანად რომ აღიქვამთ და თან სხვადასხვა მოთხრობად, ძველბერძნული ტრაგიზმისა და ბრმა ბედისწერის, აბსურდის ლიტერატურისა და ეგზისტენციალური ჭვრეტების, გამჭვირვალე, რეალურზე რეალური კომიზმის გარდა, ერთი მთავარი თეზა, გნებავთ, მაქსიმა აერთიანებს: ვღლიცინებ, მაშასადამე ვარსებობ, თუნდაც ორ ზღვას შუა მდებარე პატარა ქვეყნის აბსურდულ და ტრაგიკულ რეალობაში.

და კიდევ ერთი, ავტორი გიჟდება, ისე უყვარს ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებნი, თავისი წიგნის პერსონაჟები, თავდაუზოგავად, გულისგულამდე უყვარს, ისე ძალიან უყვარს, რომ შენც მაშინვე ენდობი, დაუფიქრებლად მიჰყვები თხრობისა და სიცილის ნაკადში.