October 19, 2023
„საბას“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ჟიურის წევრმა, მწერალმა რუსუდან რუხაძემ ქართულ ლიტერატურაში მოთხრობის ჟანრის ერთგვარ განლევაზე ისაუბრა. მართლაც, თუ დავაკვირდებით, მოთხრობები სულ უფრო და უფრო იშვიათად იწერება. მცირე ფორმატში მოქცეული დიდი ამბების დრო თითქოს წავიდა, თუმცა, მხოლოდ იქნებ მხოლოდ თითქოს? იქნებ პირიქით, მოთხრობის ერთგვარი რენესანსი ახლოვდება? იქნებ „საბას“ წლევანდელ ლაურეატთა წიგნები, რომელთაგან ორზე, მოთხრობების კრებულებზე ახლა უნდა ვისაუბროთ, სწორედ ამას მოწმობს?
წლის საუკეთესო პროზაული კრებულის მეტისმეტად მცირე, სულ ორი წიგნისგან შემდგარ ნომინაციაში ლუკა ბაქანიძის მოთხრობების კრებულმა „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ გაიმარჯვა, ხოლო წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში მკითხველთა ჟიურის ფავორიტი გოდე გორგილაძის კრებული „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ აღმოჩნდა.
რაც მართალია, მართალია, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ნაკლებ ქართულ მოთხრობას ვკითხულობთ, არადა, მხოლოდ ბოლო ოცწლეულის ამბებს რომ მოჰყვეს ქართული ლიტერატურა, თემები და ფაბულები ულევად ექნება.
თუ ქართული ლიტერატურის ისტორიას გადავხედავთ, სწორედ მოთხრობის ფორმით იყო გადმოცემული მთავარი ამბები, რომელთაც ეპოქა ტექსტების საშუალებით გვიამბეს: „კაცია-ადამიანი?!“, „მიქელა“, „თავსაფრიანი დედაკაცი“, „ლამბალო და ყაშა“, „ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია“ და ა.შ და ა.შ.
რას მოგვითხრობს თანამედროვე ქართული მოთხრობა? მოდით, „საბას“ ლაურეატ ორ წიგნს ჩავხედოთ:
გოდე გორგილაძე
„რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“
(ინტელექტი)
გოდე გორგილაძის „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ ახალი თაობის ამბებს გვიზიარებს. სხარტი, ჩამთრევი თხრობა, მსუბუქად მოყოლილი რთული ამბები, იუმორი, თვითირონია, რომელიც პერსონალურ ნარატივს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თანამედროვე საქართველო, სტუდენტური ამბები, ქალაქები, ადამიანები, მოვლენების ხედვის არაორდინალური, მოულოდნელი მხარე და, რაც მთავარია, „მგოსანთ სითამამე“, რომელიც პროზასაც არანაკლებ უხდება.
„არადა, მკვდრების მაგრად მეშინია. კუბოს ხელიც კი ვერ მოვკიდე, დათომ და იმ კაცმა შემოიტანეს. იქაც, ლუკასთან რომ ავედით, გარეთ ვიდექი და ვეწეოდი. არა, რა! ეს რიტუალები ძალიან არ შემიძლია! საერთოდ არ მინდა სამი დღე გაქვავებული ვიწვე და აქეთ-იქით მატარონ, დამბანონ, წრეები მარტყან და ყვავილებში ჩაფლული გამგუდონ. ერთი, ნეტა ღმერთთან მოვხვდე სადმე სუფრაზე, ვეტყოდი, შეცვალე ეს სიკვდილის ამბები-მეთქი. მე რომ ვადგენდე სიკვდილის წესს, ადამიანს სიბერეში წონას დავუკარგავდი, უფრო და უფრო გავამსუბუქებდი, მერე ნელ-ნელა გრავიტაციის მარწუხებისგან გავათავისუფლებდი და ერთ დღესაც საერთოდ მოვწყვეტდი მიწას და გავუშვებდი კოსმოსში. ვხედავ, ქვემოდან ჭირისუფლები როგორ უქნევენ ხელს, აძრობენ ტანსაცმლის მკლავქვეშ ან წინ, პიჯაკის ჯიბეში ჩადებულ ხელსახოცებს და ტირიან, მერე ცასაც ახედავენ, ვარსკვლავებიან ცას და იტყვიან, აგერ ბაბუაშენი, სადღაც ამ ვარსკვლავებს შორის დაფრინავსო.“
ლუკა ბაქანიძე
„რომელი ხარ სარდაფსა შინა“
(პალიტრა L)
ლუკა ბაქანიძე ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, მისი მოთხრობების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი თუ კომპოზიციური მახასიათებელი მოულოდნელი, მოსხლეტილი დასასრულია.
„საბას“ გამარჯვებული კრებული პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ: მოთხრობები და მინიატიურები. ყველაზე მთავარი, რაც ამ მცირე და კიდევ უფრო მცირე ფორმის ტექსტებს აერთიანებს, ერთგვარი ბეწვის ხიდია, რომლის მიღმა ტექსტი შეიძლება ზედმეტად სენტიმენტალური ან სასტიკი გახდეს, თუმცა მწერალი ბალანსს ზომიერებას ყოველთვის ინარჩუნებს და ერთგვარად, ნემსის ყუნწში აძვრენს სათქმელს, ზუსტია, მძიმე და ამავე დროს, ჰუმანური.
„ადრე მეგობარ ძაღლთან ერთად ცხოვრობდა ვიგო, ქუჩაში უძაღლოდ იშვიათად გამოდიოდა და ახლაც უხერხულად მიიქნევდა იმ ხელს, რომლითაც ძაღლის საბელი ეჭირა ხოლმე“.
„ელოდა, როდის მოიხედავდა დედამისი და მიხვდებოდა, რომ ბიჭს სციოდა. თავად, რათქმაუნდა არ აპირებდა ამის გამხელას, თუმცა ცხვირ-პირი საფუძვლიანად შეიჭმუხნა მაინც, რაც, მისი აზრით, სიცივის აღმნიშვნელი და გამომხატველი საუკეთესო გრიმასა გახლდათ. იდგა ასე ერთხანს და სასაცილოდ იმანჭებოდა. ერთი-ორჯერ დაუსტვინა კიდეც“...
„არცერთს არ ეცვა ძაძები და არ კითხულობდა ფსალმუნებს. კუბოს ალბათ ხვალ მოიტანდა მანქანით რომეო. გვიან ღამით, შეთანხმებულებივით, უხმოდ გაიხადეს ტანზე, თავიანთ მკვდარ კაცს მიუწვნენ და საბანი წაიფარეს.“
კიდევ ერთი ნიშანი დეტალების შემჩნევა და ასახვაა, ისეთი ზუსტი დეტალების, რომელიც დაწერილ ამბავში ეჭვს ერთი წუთით არ შეგვატანინებს.
რა არის კარგი მოთხრობა? - ამბავი, დეტალები და ენა, რომელიც ამბავსა და დეტალებს ისე ასახავს, რომ ერთდროულად გვესმის, ვხედავთ, ვგრძნობთ და გვჯერა. სწორედ ეს არის „საბას“ ლაურეატი ორი კრებულის მთავარი მახასიათებელი.
ავტორი: "საბა"
ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა