დეკემბერი 01, 2022
მუსიკა
ჩემთვის დღე მუსიკის ჩართვით იწყება. მთელი დღის განმავლობაში მაინსპირირებს, რჩევებს მაძლევს და ხელს არ მიშლის ხატვის, წერის, საუბრის, საჭმლის კეთების, ბანაობის და ძილის დროს. რაც შეეხება ქართულ მუსიკას, თითქმის ყოვლდღიურად მაქვს შეხება, ადგილობრივი განსაკუთრებული პროდუქტის აღმოჩენა სულ სხვა სიამოვნებაა.
კინო
მუსიკისგან განსხვავებით კინოს ყურება სხვა საქმის კეთებასთან პარალელურად სამწუხაროდ არ გამომდის, ისე გავიდა 28 წელი, რომ ქართული კინემატოგრაფიის მხოლოდ რამდენიმე შედევრს ვიცნობ. დიდი სურვილის და დროის გამონახვის შედეგად, როგორც იქნა ნანატრი ქართული კინოს კვირაც დადგა. ოთარ იოსელიანით და მიხეილ კალატოზიშვილით აღფრთოვანებულმა მოუცლელობის გამო კინო-მარათონი ისევ უკანა პლანზე გადავწიე.
რატო კინო - მუსიკა
ინტერესის სფეროები მინდა საქმედ ვაქციო, რომ მუშაობა სასურველ, დაუზარელ, შემეცნებით პროცესად იქცეს. ამიტომ გადავწყვიტე ბლოგის წერა კინო-მუსიკაზე, რის გამოც ზემოთხსენებულმა მარათონმა ისევ წინა პლანზე გადმოიწია, რასაც ახალი მუსიკა და წერაც დაემატა.
მუსიკის როლი კინოში
კინოს ერთ-ერთი უმნშვნელოვანესი კომპონენტი სახასათო კადრების და შინაარსის გარდა, დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული მუსიკალური გაფორმებაა. კინო-მუსიკა ე.წ. Soundtrack ქმნის განწყობას და ხშირად ფილმი პოპულარულიც გამხდარა მისი წყალობით. როგორც წიგნს სძენს ავთენტურობას და დამატებით შრეს კარგი ილუსტრაცია, ასევეა სწორად შერჩეული აკომპონიმენტი ფილმისთვის. “მაკულატურას” ცეკვის სცენა ჩაკ ბერის “never can tell-ის” გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია, საერთოდაც მეხსიერებაში ერთად თანაარსებობს, ვერ ვაცალკევებ ამ მუსიკას და ვიზუალს, Pulp Fiction - Dance Scene (HQ) ან თუნდაც იან ტირსენის “ამელის” გენიელური კომპოზიცია.
ბუნებრივია აღსანიშნია, რომ კინოს შექმნაში მონაწილე ყოველი ადამიანის როლი უმნიშვნელოვანესია ყურებადი პროდუქტის მისაღებად, მაგრამ ამჯერად კინოში მუსიკის ეფექტზე მინდა საუბარი და არა კოსტუმების დიზაინზე, ქორეოგრაფიაზე, ფერსა ან მონტაჟზე.
ქართული კინო - მუსიკა
ქათული კინო-მუსიკით არც ისე განებივრებულები ვართ მაყურებლები. კიდევ კარგი რომ “ცისფერი მთების” გია ყანჩელის გენიალური მუსიკა მაინცაა შემონახული, განსხვავებით პირველი კინემატოგრაფიული ნაბიჯების soundtrack-ებისგან (ტიტრებში კომპოზიტორის გვარიც კი მოჭრილია ან დაკარგულია). მაგრამ გამონაკლისებზე დაყრდნობით, ვიცით, რომ პირველი ქართული ფილმები თემატიკის მიხედვით გაფორმებული იყო ფოლკლორული მუსიკით და ტაპერის შესრულებული ევროპული ან ამერიკული იმდროინდელი ტენდენციური კომპოზიციებით. თანამედროვე ქართული კინოსთვის ძირითადად არსებულ მუსიკას იყენებენ, კონკრეტულად ფილმისთვის შექმნილი კომპოზიციების დეფიციტია.
მუნჯი კინო
მუსიკა კინოში ქმნის ატმოფეროს, წინასწარ მოლოდინს, ხასიათს, დინამიკას, გიფანტავს ან გიკონცენტრირებს ყურადღებას კადრზე. ზოგჯერ მუსიკა კინოში ტექსტზე და ვზუალზე მეტია. კინოში მუსიკის როლის კიდევ უფრო მძაფრად აღსაქმელად, გადავწყვიტე საპილოტე ბლოგში მუნჯ კინოზე მესაუბრა.
1912 წელი, როცა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი დოკუმნტური ფილმი “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”, ითვლება ქართული კინოს დაბადების წლად, რა თქმა უნდა, ეს იყო პირველი მუნჯი კინო, რასაც მოყვა ალექსანდრე წუწუნავას “ქრისტინე”, ნიკოლოზ შენგელაიას “ელისო”, კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” და ა.შ. ყოველი მათგანი თავისი დროისთვის გამოირჩევა უნიკალურობით და სითამამით. სამწუხაროა, რომ ასეთმა შედევრება მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაარღვა საზღვრები და თავის დროზე არ გაპოპულარულდა.
მიხეილ კალატოზიშვილი - “ჯიმშვანთე” - მარილი სვანეთს
ქართულ მუნჯ კინოს მიხეილ კალატოზიშვილის 1930 წელს გადაღებული ეთნოგრაფიული თემატიკის ფილმით “ჯიმშვანთეთი” გავეცანი.
თავდაპირველად ეს კადრები საბჭოთა კავშირის მიერ დაწუნებული მხატვრულ-აგიტაციური ფილმისთვის “უსინათლო” იყო გადაღებული, ხელახალი მონტაჟის შემდეგ შეიქმნა “ჯიმშვანთე”.
ფილმში ასახულია სვანეთის, კონკრეტულად კი უშგულის მოსახლეობის ყოფის ტრადიციული, საინტერესო, მკაცრი პირობები, რიტუალები და ყოფა-ცხოვრება, რასაც განაპირობებს მოწყვეტილი ადგილმდებარეობა. კინოში ხაზგასმულია თემში მარილის დეფიციტი, რომლის ბარიდან ამოსატანად ზვავში მოყოლილი მაცხოვრებლები იღუპებიან. ნამუშევრის კულმინაციას და დასასრულს წარმოადგენს თუ როგორ გაჰყავს საბჭოთა ხელისუფლებას გზა სვანების საბჭოთა ცივილიზაციასთან დასაკავშირებლად. ფილმი მდიდარია დოკუმნტური ღირებულებით და სამწუხაროდ საბჭოთა პროპაგანდას ემსახურებოდა. გადაღების მანერა, კადრები, მსახიობების თამაში და მუსიკა იმდენად უტრირებული ხასიათისაა, გასაკვირიც არ არის, რომ საბჭოთა ხელისუფლბამ ფილმი აკრძალა.
მუსიკა “ჯიმშვანთეში”
ფილმში მხოლოდ რამდენიმე წინადადების სახით ვაწყდებით ტექსტუალურ ინფორმაციას, ამიტომ მთავარი როლი დრამატურგიულობის შექმნაში ვიზუალის შემდგომ მუსიკას აქვს.
ფილმი ლენინის ამ სიტყვებით “საბჭოეთი იმდენად დიდი და ჭრელია, რომ მასში საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობის ყველა ტიპს შეხვდებთ” იწყება. შემდეგი წინადადება, რაც ეკრანზე ჩნდება სვანეთის ჯერ კიდევ გვაროვნულ და პატრიარქალურ წყობილებასა და მის მკაცრ გეოგრაფიულ გარემოზე გვიმახვილებს ყურადღებას. ამ შინაარსის პროლოგს ფოლკლორული, ერთმნიშვნელოვნად კავკასიური, დუდუკის მელანქოლიური თხრობის დასაწყისის მიმანიშნებელი ჰანგები ამკობს, რაც მიგვითითებს ფილმის განვითარების დრამატულობაზე. მუშაობის პროცესში მუსიკის მხრივ ფილმი 11 ნაწილად დავყავი, ვეცდები ზოგადი ხასიათი გადმოგცეთ ფილმის და მუსკის დრამატურგიულობის თანხვედრაზე.
ფილმის კომპოზიტორი ზორან ბორისავლევიჩია, რომელიც მუსიკის ფოლკლორულობის, რიტუალურობის და მისტიკურობის პარალელურად აგიტფილმებისთვის დამახასიათებელ დინამიურობას, მიზანსწრაფულობას და შემართებით ხასიათს არ კარგავს, სწორედ ამიტომ “ჯიმშვანთეს” მუსიკა თითქოს ორ თემადაა გაყოფილი: უფრო მინორული, რომელითაც მისტიკური სვანეთის მძიმე, ტრადიციული, ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ყოფაა გაფორმებული, მეორე კი - მაჟორულია, რომლითაც სოცრეალიზმისთვის დამახასიათებელი შრომის, ერთიანობის ამსახველი მამოტივირებელი სამეურნეო კადრებია აკომპონირებული. ორივე ხასიათის მუსიკა, ჩემთვის, ერთი - დინამიური და ცვალებადი კომპოზიციის ნაწილია. მრავალი ინსტრუმენტისთვის შექმნილ პარტიტურაში რიგ-რიგობით შემოდის სევდიანი და მხიარული ჰანგები, სწორად შერჩეული დასარტყამი, სიმებიანი, კლავიშებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტები, რაც ჰარმონიულად მიჰყვება კადრების დინამიკას, ერთად ამკვეთრებს და ამძაფრებს შინაარსს მაყურებლისთვის.
“ჯიმშვანთეს” თანამედროვე მუსიკა
სანამ “ჯიმშვანთეს” მუსიკის შესახებ ნებისმიერ ენაზე ინფორმაციას ვეძებდი (აბსოლუტური დეფიციტია), აღმოვაჩინე არტარეას პროექტი, რომელშიც ქართული კინოკლასიკისთვის თანამედროვე მუსიკას ქმნიან. გამიმართლა, რომ არტარეას 2019 წლის ფესტივალის ფარგლებში მოხვდა “ჯიმშვანთე” და თან გოგი ძოძუაშვილს შეხვდა მისთვის თანამედროვე მუსიკის შექმნა. გოგი ძოძუაშვილის შემოქმედებას საკმაოდ კარგად ვიცნობ, მომწონს, კინო-მუსიკაზე აქამდეც უმუშავია და მოკლედ, საინტერესო ექსპერიმენტული ნამუშევარი აღმოვაჩინე.
თანამედროვე ელექტრონული ჟღერადობა, პროგრამით შექმნილი ინსტრუმენტები და ადამიანის დეფორმირებული ხმები მისტიკური ხასიათი 1930 წლის ფილმის ვიზუალთან საერთოდ არ ქმნის კონტრასტს, პირიქით, კადრების მონტაჟი ექსპერიმენტული და ინოვაციურია და ჩვენი ეპოქისთვის დამახასათებელ ჟღერადობასთან ერთად თვალ-ყურისთვის მისაღებ ჰარმონიას ქმნის. ამ ნამუშევარშიც ზორან ბორისავლევიჩის მსგავსად კომპოზიციები ვიზუალის დინამიკას და ხასიათს ეხმიანება. თანამედროვე კომპოზიტორის მუსიკა პირველყოფილური და რიტუალურია, მომენტებში ქართული ფოლკლორისთვის დამახასიათბელი რიტმიც გვხვდება. ასევე მუდმივად იგრძნობა ყრუ დაძაბულობა, რასაც მაყურებელი მოლოდინის რეჟიმში გადაჰყავს. ეს დეტალები სვანეთის ყოფის უჩვეულობას და ზღაპრულობას კიდევ უფრო ამკვეთრებს.
ქართული კინოკლასიკის თანამედროვე ექსპერიმენტული გადააზრება, ძველის და ახლის შერწყმა, ჩემი აზრით, ბევრად ავთენტურ, სამართლიან შთაბეჭდილებას ქმნის, რადგან ოცდამეერთე საუკუნის ხელოვანიც და მაყურებელიც კალატოზოვად წოდებული (გვარშიც კი იგრძნობა საბჭოთა მენტალობის გავლენა და წნეხი) მიხეილ კალატოზიშვილის სურეალისტურ რეალიზმს სხვა გადმოსახედიდან და მსოფლმხედველობით აღიქვამს.
ორივე კომპოზიტორთან კულმინაციურო საფინიშო სცენა, სადაც საბჭოთა ხელისუფლებას გზა გჰყავს სვანების კეთილდღეობისთვის, იგრძნობა ამაღლებული განწყობა. 1930 წელს შექმნილი მუსიკის მოსმენისას პროტესტის შეგრძნება მიჩნდება უტრირებულ ოპტიმიზმსა და მაჟორულობაზე, რასაც ნაკლებად ვგრნობთ 2019 წელს შექმნილ კინო-მუსკაში და შესაბამისად, პირადად ჩემს გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს.
დღეისათვის ქართული კინო-მუსიკის საპილოტე ბლოგს დავამთავრებ და რეზიუმედ მოგახსენებთ, რომ აღფრთოვანებული ვარ რამდენად სინქრონიზებული იყო ქართული ხელოვნება მსოფლიო ტენდენციებთან მეოცე საუკუნის დასაწყისში, მეტიც, “ჯიმშვანთე” წინ უსწრებს მსგავს პრობლემაზე შექმნილ ბუნუელის საკულტო ფილმს “უპურო მიწას” (არ მიკვირს საქართველოს ისტორიის და კულტურის შემხედვარე), საბჭოთა კავშირის ცენზურამ კი, რა თქმა უნდა, “უზრუნველჰყო” ხელოვანის სათქმელის ჩახშობა. რაც შეეხება კინო-მუსიკას, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარე და ახალი ხედვა აღმოვაჩინე, რომელიც შემდგომ სანახავ ფილმებს უფრო დაკვირვებული, გამოცდილი და დაინტერესებული ყურით მომასმენინებს.
ავტორი: ქეთი ბზიკაძე