August 08, 2024
AI Eyes — ეს სათვალე უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას უმარტივებს
შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, ამაში სულ უფრო მეტად გვარწმუნებს ტექნოლოგიური განვითარება. ეს პროცესი შეუქცევადი და მუდმივად განახლებადია — ახალი იდეების გაჩენის შესაბამისად, იკლებს ჩვენთვის „გადაულახავი პრობლემების“ რაოდენობაც. ასეთ გამოგონებას წარმოადგენს AI Eyes — Technovation Girls Sakartvelo-ს წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის აპლიკაციაც.
თამუნა ცინცხალაძემ, ლიზი შანიძემ, თამო ვერძაძემ და თეა ხარაბაძემ უსინათლოებისთვის შექმნეს აპლიკაცია, რომელიც სენსორულ სათვალეებს უკავშირდება. ამ უკანასკნელზე დამაგრებული კამერისა და აპლიკაციის სინთეზური მუშაობით კი, უსინათლო პირები გარემოში უსაფრთხოდ ორიენტირებას შეძლებენ.
როგორ მუშაობს AI Eyes?
„სათვალეს შეუძლია, აღიქვას და მომხმარებელს უკარნახოს ახლოს მდებარე ობიექტების დასახელებები. ამისათვის სათვალე ეყრდნობა თავის სკანერს, რომელიც აპლიკაციას გადასცემს უცხო სხეულის გამოსახულებას, აპლიკაცია კი ამ ობიექტის შესახებ შესაბამის ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს“
გარდა ამისა, აპლიკაციას აქვს წიგნის კითხვის ფუნქციაც — მომხმარებლები თავად ატვირთავენ სასურველ წიგნებს, ჩაშენებული AI სისტემა კი მათთვის წაიკითხავს. ამ ეტაპზე აპლიკაცია ინგლისურ ენაზე სრულიად გამართულად ფუნქციონირებს, შესაბამისად, ინგლისურ ტექსტებს თავისუფლად კითხულობს და ასევე, თავადაც შეუძლია ტექსტის ჩაწერა კარნახის შემთხვევაში. რაც შეეხება ქართულს, უკვე შესაძლებელია ქართული ტექსტების ჩაწერა და ხმამაღლა წაკითხვაც, თუმცა ეს ასპექტი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გამართული, დამუშავების პროცესშია.
„აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის გამოყენება არა მხოლოდ უსინათლოებს შუძლიათ, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კითხვის დრო არ აქვს. შეგვიძლია, ავტვირთოთ ნებისმიერი ტექსტური დოკუმენტი და ოვყსმინოთ"
მეგობრის გამოწვევებით შთაგონებული იდეა
როდესაც პროექტში მონაწილეობის დრო დადგა, ბევრი საინტერესო იდეა კი ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ისეთზე შეჯერდნენ, მეგობარსაც რომ გამოადგებოდა.
„ცოტა ხნის წინ გავიცანით ერთი უსინათლო გოგო, რომელიც თავის პრობლემებზე გვიყვებოდა — მაგალითად, რამდენად რთული იყო მისთვის დამოუკიდებლად ცხოვრება. სწორედ ამან მოგვცა აპლიკაციის შექმნის შთაგონება, რათა მსგავსი გამოწვევის წინაშე მყოფი ადამიანებისთვის ყოველდღიურობა გაგვემარტივებინა“.
სათვალესა და აპლიკაციას ჯერჯერობით დახვეწა სჭირდება და გაყიდვების ნაწილიც სამომავლო პერსპექტივას წარმოადგენს. თუმცა, როგორც კი ყველა ნიუანსი მაქსიმალურად დაიხვეწება, უსინათლოები მარტივად შეძლებენ გარემოში დამოუკიდებლად გადაადგიელბას. თანაც გოგონებს სურთ, სათვალესთან Map-ის ფუნქციაც დააკავშირონ, რათა მოწყობილობამ ნავიგატორის ფუნქციაც შეითავსოს.
„მთლიანობაში, მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. აქამდე გამოცდილება არ გვქონია პროგრამირებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, თუმცა პროექტი ძალიან დაგვეხმარა საჭირო უნარების გამომუშავებაში. გზადაგზა უამრავ სირთულეს წავაწყდით, ექსპერიმენტებს ვატარებდით და საბოლოოდ მაინც შევქმენით პროდუქტი. ბევრჯერ შეგვეშინდა და დანებების პირასაც მივსულვართ, მაგრამ მენტორის დახმარებითა და გამხნევებით, საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანეთ“,
შეგახსენებთ, რომ Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიებისა და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
სწავლობ და ქმნი მარტივად