culture

Undefined

Undefined

October 03, 2023

თანამედროვე პოპ-მუსიკის მუდმივად განვითარებად გარემოში, მხოლოდ რამდენიმე არტისტი თუ მოიძებნება ისეთი გავლენიანი, ინოვაციური და შეუდარებლად ნიჭიერი, როგორიც ბრუნო მარსია.

ათ წელზე დიდი ხნის კარიერის განმავლობაში, ბრუნომ არა მხოლოდ მიაღწია მონუმენტალურ წარმატებას, არამედ წარუშლელი კვალი დატოვა მუსიკალურ ინდუსტრიაში, ხელახლა განსაზღვრა რა თუ რას ნიშნავს იყო პოპ ვარსკვლავი. სწორედ Bruno Mars-ის მოსმენას შეძლებთ 1 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე - მუსიკოსი საქართველოს Black Sea Arena-ს კამპანიის, Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა.



ბრუნო მარსი, რომლის ნამდვილი სახელიც პიტერ ჯინ ერნანდესია, 1985 წელს, ჰავაიზე დაიბადა და უნდა ითქვას, რომ თავიდანვე გამზადებული იყო დიადი კარიერისთვის. მისი ოჯახი გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა და ბრუნოც პატარაობიდანვე იყო გატაცებული მუსიკით. სწორედ მამის დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულების უნარებმა და დედის სიმღერისა და ცეკვის ნიჭმა საფუძველი ჩაუყარა პიტერის მუსიკალურ მოგზაურობას. ის ბავშვობიდანვე გასაოცრად ნიჭიერი იყო, უკრავდა ინსტრუმენტებზე და მღეროდა ბევრად ადრე, ვიდრე მისი ასაკის ბავშვების უმეტესობა, მუსიკალურ ინსტრუმენტს საერთოდ მოკიდებდა ხელს.

სანამ მას ბრუნო მარსის სახელით გაიცნობდნენ, ახალგაზრდა პიტერი უკვე ავლენდა ინტერესს შოუმენობისკენ. სამი წლის ასაკში, ის უკვე ელვის პრესლის ბაძავდა. სპორტული დიდი ზომის სათვალეებით და სათამაშო გიტარით, პატარა ბრუნო ელვისის იმიტირებით ოჯახს და სამეზობლოს ართობდა. ეს იყო ქარიზმისა და ნიჭის გაელვება, რომელმაც მოგვიანებით, იგი ვარსკვლავობის სტატუსამდე მიიყვანა. საინტერესოა ისტორია თუ საიდან წამოვიდა მომღერლის სასცენო სახელიც - „ბრუნო“ შთაგონებული იყო მოჭიდავე ბრუნო სამმარტინოს პატივსაცემად - ეს სახელი მას უფრო მასკულინურად მიაჩნდა. მალე კი მას „მარსი“-ც დაემატა

„ვფიქრობდი რომ მიმზიდველი უნარები არ მქონდა, ვინაიდან ბევრი გოგო მეუბნებოდა, რომ არ ვიყავი ამ სამყაროდან, ასე რომ მეც ვფიქრობდი რომ მარსიდან ვარ“ იხსენებს მუსიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისი კარიერული ზრდა ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში დაიწყო, როდესაც მომავალმა პოპ ვარსკვლავმა ლოს ანჯელესს მიაშურა. ანგელოზთა ქალაქში მისი ადრეული წლები სავსე იყო ბრძოლებით და ბევრი იმედგაცრუებით, თუმცა სწორედ ამ სირთლეებმა გამოჭედეს ბრუნოს შემდგომი როგორც მუსიკალური, ასევე ადამიანური თვისებებიც. ავითარებდა რა საკუთარი მუსიკის წერის და წარმოების უნარებს, სახელი მალევე გაითქვა როგორც სესიურმა მუსიკოსმა და ასე ცდილობდა მრავალწახნაგოვან მუსიკალური ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას. თუმცა ბრუნოს დიდების გზასაც ჰქონდა დაღმასვლები. 17 წლის ასაკში, მან Motown Records-თან თანამშრომლობაზე მოაწერა ხელი. თუმცა, მისი დრო საკულტო ლეიბლთან ხანმოკლე იყო. ბრუნომ შემდგომ ინტერვიუებში აღიარა, რომ Motown მან ერთ წლის შემდეგ, უთანხმოების გამო დატოვა. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, მან არ თქვა უარი ოცნებებზე და გააგრძელა ბავშვობაში ნანატრი გზა.

2010 წელს ბრუნო მარსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი "Doo-Wops & Hooligans" გამოუშვა. მსოფლიომ ასე გაიცნო მისი მომნუსხველი ხმა, უნაკლო სიმღერების წერის შესაძლებლობა და ჟანრებს შორის თამაშის უნარი. ჰიტები, როგორიცაა "Just the Way You Are" და "Grenade" დომინირებდა ჩარტებში და დაიმსახურა გრემის ჯილდოები. ბრუნო იმ პერიოდში პოპ-მუსიკაში ის იყო, რაც ინდუსტრიას ჰაერივით ჭირდებოდა - ადამიანი, რომელიც სცენაზე  R&B-ის, ფანკისა და პოპის ელემენტებს შეუდარებელი ტექნიკით აზავებდა.


მისმა შემდგომმა ალბომებმა, მათ შორის „Unorthodox Jukebox“, "24K Magic",  განამტკიცა ბრუნოს, როგორც პოპ ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების შემომტანი შემსრულებლის სტატუსი. სიმღერებმა, როგორიცაა "Locked Out of Heaven", "Treasure" და ყველაზე ტიტულოვანი "24K Magic", ნათელი გახადეს მისი უნარი შეექმნა, მარადიული ჰიტები, რომლებიც რეზონანსული იქნება სამომავლოდაც,  სხვადასხვა აუდიტორიისთვის, თაობების განმავლობაში. 

მისი კრეატიული პროცესი მართლაც გასაოცარი ისტორიის მქონეა. ერთხელ, "24K Magic"-ის ალბომზე მუშაობისას, ერთ-ერთ სიმღერაზე შემოქმედებითად გაიჭედა. იმედგაცრუება მატულობდა და მომღერალმა იცოდა, რომ სიტუაციის გარღვევა ჰაერივით სჭირდებოდა. და ასე, მან გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი მუსიკალური გენიოსი მოაწერდა ხელს. დაურეკა მეგობრებს, შეკრიბა ისინი სტუდიაში და დაიწყო 24-საათიანი ჯემ სესია. კოფეინის ენერგიითა და მუსიკისადმი საერთო გატაცებით, მათ მაოხერხეს და საბოლოოდ გატეხეს სიმღერის კოდი. სწორედ ასე შეიქმნა კომპოზიცია, რომელიც ალბომის სათაურს იმეორებს. უნდა ითქვას რომ გრემის დაჯილდოებები ბრუნოს ძლიერი მხარე არ არის - მის ანგარიშზე სულ რაღაც 15 ჯილდოა - გამორჩეული კი 2018 წელს, რიგით მე-60 ცერემონია იყო, რომელზეც სამ დიდ კატეგორიაში - წლის ჩანაწერში, წლის ალბომსა და წლის სიმღერაში გაიმარჯვა - სწორედ იმ სიმღერით და ალბომით, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

დღემდე ბრუნოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება და თანდაყოლილი უნარია შეუმჩნევლად შეურიოს ჟანრები და ეპოქები, შექმნას გამორჩეული ჟღერადობა, რომელიც ეწინააღმდეგება კატეგორიზაციას.

ამისთვის იგი ინსპირაციისთვის იღებს წარსულის მუსიკალურ ელემენტებს და ანიჭებს მათ თანამედროვე ენერგიულობას, რომლითაც ფართო აუდიტორიას მიმართავს. იგი მაესტროა, რომელსაც შეუძლია Motown-ის, ფანკისა და პოპ-ლეგენდების სულისკვეთებით შექმნას ახალი ჰიტები, რომლებიც აქტუალურია დღევანდელ მუსიკალურ ცხოვრებაშიც. მისმა თანამშრომლობამ მარკ რონსონთან, სიმღერით "Uptown Funk" მსოფლიო შტურმით მოიცვა. კომპოზიციამ ზედიზედ 14 კვირა გაატარა Billboard Hot 100 ჩარტის სათავეში, რაც ისტორიაში ერთ-ერთი ხანგრძლივ ვადიანი ჩარტების ლიდერობაა.

მისი ცოცხალი შესრულებები მისი შემოქმედებითი გენიის კიდევ ერთი დასტურია. ბრუნო და მისი ჯგუფი, The Hooligans, თავისი სცენური წარმოდგენებით, ისტორიის უდიდეს შემსრულებლებში აუცილებლად ჩაეწერებიან.  მისი საცეკვაო მოძრაობები, ვოკალური უნარები და მაგნიტური მუსიკალური გაფორმება, კონცერტებს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევენ. 2014 წელს ბრუნო მარსმა  მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სცენა, Super Bowl-ის შესვენების შოუ დაამშვენა. ეს იყო ლეგენდარული ღონისძიება, რომელზეც Red Hot Chilli Peppers ყველასთვის მოულოდნელად გამოჩნდა სცენაზე - ამ გამოსვლას 115 მილიონმა ადამიანმა ადევნა თვალი. ბრუნო თავის კონცერტებზე ხშირად მოუწოდებს დამსწრეებს აქტიური მონაწილეობისკენ. სიმღერისას, ყოფს აუდიტორიას და ტექსტების განსხვავებულ ნაწილებს მათთან ერთად ასრულებს.


მარსი არ არის მხოლოდ პოპ ვარსკვლავი, არამედ ტრენდსეტერიცაა, სტილის მგრძნობელობით და არტისტულობით მან საკუთარი თავი გაიკვალა მუსიკალურ ინდუსტრიაში. მისი გავლენა სცილდება ჩარტებში მოხვედრილ პოპ-ჰიტებს, ვინაიდან გზა გაუხსნა არტისტების ახალ თაობას, რომლებიც შემოქმედებითი საზღვრების რღვევისკენ მიისწრაფიან.


ყველაფერთან ერთად ბრუნო შესანიშნავი კოლაბორატორიცაა - 2019 წელს იგი შეუერთდა Cardi B-ს სიმღერაზე „Finesse” რემიქსისთვის, რომელიც აცოცხლებს 90-იანი წლების RnB-სა და ჰიპ-ჰოპის ესთეტიკას. ეს თანამშრომლობა იმით გამორჩეოდა, რომ Twitter-ის საშუალებით განხორციელდა, სადაც Cardi B-მ აღნიშნული სიმღერისადმი საკუთარი სიყვარული გამოხატა, ამას ბრუნოს პასუხმაც არ დააყოვნა და ასე მარტივად მოხდა მათი თანაკვეთაც.

გვერდს ვერ ავუვლით მის თანამშრომლობას Anderson .Paak-თან - დუეტი, რომელიც Silk Sonic-ის სახელით იწოდება, მუსიკალურად და ვიზუალურად აცოცხლებს 70-იანი წლების ფანკისა და RnB-ის ეპოქას. მათი გზები თავდაპირველად მაშინ გადაიკვეთა, როდესაც 2017 წელსმ "24K Magic World Tour"-ის ევროპული ტურის ფარგლებში, შოუ ანდერსონ .პააკმა ბრუნო მარსისთვის გახსნა. სწორედ ამ წარმოდგენის დროს, მათ არა მხოლოდ გაიზიარეს სცენა, არამედ აღმოაჩინეს საერთო მუსიკალური ქიმიაც, რომელიც სამომავლოდ ერთიან პროექტში გადაიზარდა.


პროექტის სადებიუტო სინგლი „Leave the Door Open" მძაფრი და მაგიური ატმოსფეროთი, მყისიერი ჰიტი გახდა. სინგლის წარმატების შემდეგ, Silk Sonic-მა სადებიუტო ალბომი, "An Evening with Silk Sonic"-ც გამოუშვა და All-Star ფანკ ბას გუნდის - ბუტსი კოლინსის და Thundercat-ის დამხარებით, ნამდვილი აფრო-ამერიკული კულტურის ზეიმი მოაწყვეს.


ბრუნო არამხოლოდ მუსიკას, არამედ ერთიან გამოცდილებას ქმნის, რომლის ყოველი სიმღერა ახალი თავგადასავალია სიყვარულის, სურვილებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის სამყაროში. იმ ეპოქაში, როდესაც მუსიკალური ინდუსტრია მუდმივად ვითარდება, ბრუნო მარსი არტისტული მთლიანობის და საკუთარი საქმისადმი ურყევი თავდადების სიმბოლოდ მიიჩნევა, გვახსენებას რა, რომ პოპ მუსიკა როგორც კომერციულად წარმატებული, ასევე მხატვრულად ინოვაციურიც შეიძლება იყოს - 1 ოქტომბერს კი სწორედ ქართველი მსმენელების ჯერია, რომ ამ დაუვიწყარი მუსიკალური გამოცდილების ნაწილები გახდნენ.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი